ევროკომისიამ საბოლოოდ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის

პუბლიკა

ევროკომისიამ საბოლოოდ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში.

ამიერიდან მათ მოეთხოვებათ ვიზა შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოიყენება უვიზო მომოსვლის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი.

ევროკომისიის განცხადებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი საქართველოს ოფიციალური პირებისთვის გააქტიურდა იმის გამო, რომ ისინი განზრახ და მუდმივად არღვევენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და არღვევენ დემოკრატიის წესებს და ფუნდამენტურ უფლებებს ძირითად სფეროებში.

საქმე ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტს, მათ მფლობელებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტით კვლავ შეეძლებათ.

ევროკომისია წერს:

„ვიზალიბერალიზაციის მიზანია ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავება და საერთო ღირებულებების ხელშეწყობა, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა.

საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა 2024 წლის ოქტომბრიდან, მათ შორის მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის დევნამ უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და გამოიწვია რამდენიმე ფუნდამენტური უფლებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტის დარღვევა.

საქართველომ ასევე უარი თქვა, შეესაბამებოდეს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, რაც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება.

გარდა ამისა, კომისიამ დღეს მიიღო სახელმძღვანელო მითითებები წევრი ქვეყნების საკონსულო ორგანოებისა და მესაზღვრეებისთვის, რათა მხარი დაუჭიროს წევრ სახელმწიფოებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტურ განხორციელებაში“.

ევროკომისიის სპიკერმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ორმხრივი სავიზო შეღავათები აღარ იქნება შესაძლებელი, შესაბამისად, უნგრეთს და სლოვაკეთსაც, რომლებიც აღნიშნული შეზღუდვების წინააღმდეგ წავიდნენ, მოუწევთ, დაემორჩილონ აღნიშნულ შეზღუდებს. 

გარდა ამისა, დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, გაძლიერებულად შეამოწმონ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყანაში შესვლის დროს: 

„ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, გაძლიერდეს კონტროლი საქართველოს ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც კვეთს ევროკავშირის გარე საზღვრებს: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გამოიყენონ დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნით მოგზაურობისას. ამ წესის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.

წევრმა ქვეყნებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე შემოწმდება ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა (VIS), შენგენის საინფორმაციო სისტემა (SIS) და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები. შესვლის/გასვლის სისტემა (EES), რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან ეტაპობრივად ინერგება ევროკავშირში, უსაფრთხოების შემოწმების დამატებით მექანიზმს ითვალისწინებს“, – აცხადებს ევროკომისია.

15-გვერდიან გაიდლაინში, რომელიც ევროკომისიამ აღნიშნულთან დაკავშირებით შეიმუშავა, ნათქვამია, რომთუ მესაზღვრეები დაადგენენ, რომ პირი არის ვიზას დაქვემდებარებული დიპლომატი ან ოფიციალური პირი, რომელიც ვიზის გარეშე მოგზაურობს სამსახურებრივი მიზნით (ან სამსახურებრივ და კერძო მიზნებს ერთმანეთთან ათავსებს), ამ პირს უარი უნდა ეთქვას ქვეყანაში შესვლაზე“. 

გაიდლაინებისვე თანახმად, თუ დადგინდება, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელმა სცადა, თავი აერიდებინა სავიზო ვალდებულებას, შესაბამისმა ორგანოებმა შესაძლოა შეიტანონ გაფრთხილება შენგენის საინფორმაციო სისტემაში (SIS) ქვეყანაში შესვლასა და ყოფნაზე უარის თქმის შესახებ.

დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა ამ დროისთვის 12 თვით შეჩერდა.

კომისიას შეუძლია, 24 თვემდე გაახანგრძლივოს აღნიშნული შეზღუდვა,„თუ საქართველოს ხელისუფლება არ აღმოფხვრის მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან დაკავშირებულ ხარვეზებს“.

„ასევე, კომისიას შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ზომის  საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელების შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. კომისია მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონსტრუქციულად ჩაერთოს ამ პროცესში“, – აცხადებს ევროკომისია.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა:

„თუ ხელისუფლება თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას მოჰყვება შედეგები. ევროკავშირმა დემოკრატიული უკუსვლის გამო საქართველოს უკვე შეუჩერა დაფინანსება. დღეს ევროპა ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავს მათ, ვინც დაკავშირებულია საქართველოს რეპრესიულ ხელისუფლებასთან, მათ შორის ქართველ დიპლომატებს. საქართველოს ხალხს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, თუმცა ჩვენს კავშირში არ არის იმათი ადგილი, ვინც რეპრესიებს ატარებს“. 

ხოლო ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა თქვა:

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ლახავს გაერთიანების, გამოხატვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თავისუფლებას, რაც დემოკრატიულ უკუსვლაა. ევროკავშირმა ამას უნდა უპასუხოს. დღეს ჩვენ, პირველად, ვიყენებთ ვიზის შეჩერების გადასინჯულ მექანიზმს“.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი: 

„დღევანდელი გადაწყვეტილება პასუხია მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ რეპრესიებზე, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების არგახსნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

სავიზო ლიბერალიზაცია გადამწყვეტია ევროკავშირსა და მსოფლიოს პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის ხელშესაწყობად. ისინი, ვინც პატივს არ სცემენ ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა სარგებლობდნენ ამ თავისუფლებით. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას“.

ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, გამარტივდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი, ძალაში 2025 წლის დეკემბერში შევიდა. შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები“.