ევროკომისიამ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე წინადადება დაამტკიცა

პუბლიკა

ევროკომისიამ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით წინადადება დაამტკიცა – ამის შესახებ ისაუბრა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, რომელმაც თქვა, რომ სომხეთი და EU ასე ახლოს არასდროს ყოფილან.

„ჩვენ წინ მივიწევთ ვიზალიბერალიზაციის დიალოგში. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ კომისიამ დაამტკიცა თავისი წინადადება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისთვის. როგორც კი ყველა პირობა შესრულდება და ეს პროცესი დასრულდება, ის სომხეთსა და დანარჩენ ევროპას კიდევ უფრო დააახლოებს”, – განაცხადა კალასმა.

ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სომხეთისთვის 2024-2027 წლებში უზრუნველყოფს 270 მილიონი ევროს მოცულობის „მდგრადობისა და განვითარების გეგმას“. მისი თქმით, ეს დაეხმარება ბიზნესს, გააუმჯობესებს კავშირებს სომხეთსა და ევროკავშირს შორის და ხელს შეუწყობს რეფორმების განხორციელებას.

ის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელთანაც გააფორმა შეთანხმება კრიზისების მართვაში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.