ევროკომისიამ უკრაინის დასახმარებლად €90 მილიარდის ფინანსური დახმარების პაკეტი წარადგინა

პუბლიკა

ევროკომისიამ უკრაინის დასახმარებლად €90 მილიარდის ფინანსური დახმარების პაკეტი წარადგინა.

ევროკომისიის განცხადებით, უკრაინას გადაეცემა €90 მილიარდი სესხების სახით საბიუჯეტო და სამხედრო საჭიროებების უზრუნველსაყოფად მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

კერძოდ, აღნიშნული თანხიდან €60 მილიარდი სამხედრო ხარჯებს მოხმარდება, €30 მილიარდი კი – უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერას.

დახმარების გასაწევად გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა ევროკავშიროს ბიუჯეტში.

„ეს ამყარებს ჩვენს გრძელვადიან ვალდებულებას და ეხმარება უკრაინას არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვის პარალელურად”. – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით სესხის გამოყოფაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები 2025 წლის 19 დეკემბერს შეთანხმდნენ.

90-მილიარდიან სესხს უკრაინა 2026-2027 წლებში მიიღებს.

ამის შემდეგ კი, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დეკემბერში განაცხადა, უკრაინის დახმარების საკითხს ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიან ბიუჯეტთან ერთად განიხილავენ.

დეკემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინის მხარდასაჭერას გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე. ამის სანაცვლოდ იღებს კიევი მრავალმილიარდიან სესხს ევროკავშირის ბიუჯეტიდან.

ევროკომოსიის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უკრაინას 193 მილიარდი ევროს დახმარება გამოუყვეს, მათგან 3.7 მილიარდი – გაყინული რუსული აქტივებიდან.