ევროკომისიამ უნგრეთისთვის ევროკავშირის ფონდიდან 7.5 მილიარდი ევროს გაყინვის რეკომენდაცია გასცა

პუბლიკა

ევროკომისიის რეკომენდაციით, უნგრეთს „კოჰეზიის ფონდით“ გათვალისწინებული 7.5 მილიარდი ევრო არ უნდა გადაეცეს.

ევროკომისიამ ეს რეკომენდაცია მას შემდეგ მიიღო, რაც კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი 17 რეფორმა უნგრეთმა დათქმულ დროში, 19 ნოემბრამდე არ შეასრულა. უნგრეთმა ევროკავშირის ფონდიდან თანხის მისაღებად ამ რეფორმების შესრულების პირობა ზაფხულში დადო.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ უნგრეთმა კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების აღმოსაფხვრელად 5.8 მილიარდი ევრო მიიღოს. თუმცა ამ თანხის მისაღებადაც უნგრეთს რეფორმების გატარება მოუწევს. ევროკომისიის მიერ დათქმული 27 პირობიდან კი 17 სწორედ ის რეფორმაა, რომელიც კანონის უზენაესობას ეხება და უნგრეთმა არ გაატარა. შესაბამისად, ორივე ფონდიდან სახსრების მიღებისთვის ევროკომისია უნგრეთს კანონის უზენაესობის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას მაინც სთხოვს.

ევროკომისიის რეკომენდაციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები 6 დეკემბერს უყრიან კენჭს. გადაწყვეტილებას მისაღებად კვალიფიციური უმრავლესობა, წევრთა 2/3-ის ხმაა საჭირო.

ევროკომისიისგან ზეწოლის სანაცვლოდ უნგრეთმა ევროკავშირში სხვა გადაწყვეტილებები დაბლოკა. მათ შორის, ევროკავშირიდან უკრაინის დასახმარებლად 18 მილიარდი ევროს გამოყოფა.