საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის მოთხოვნებში გაწერილი არაა ე.წ. მიშელის დოკუმენტის შინაარსის შესრულება დეპოლარიზაციისთვის და ამაზე საუბარი მანიპულაციაა.
პაპუაშვილის თქმით, როცა ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტმა საარჩევნო ბარიერის დასაწევად საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა უნდა განაახლოს, ცდილობს, რომ ევროკომისიის 12 პუნქტის გარდა სხვა საკითხებიც შემოიტანოს დღის წესრიგში.
„12 პრიორიტეტიდან, რომელიც ევროკომისიამ დაადგინა, არც ერთი პუნქტი არ ეხება საარჩევნო ბარიერს. მარტივი მანიპულაციაა, იქ წერია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება დეპოლარიზაციისთვის, იქ არსად წერია 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის შესრულება დეპოლარიზაციისთვის. ეს არის მარტივი მანიპულაცია, ვინმეს რომ სდომებოდა, პირდაპირ იტყოდა. მაგალითად, გენერალური პროკურორის არჩევაზე პირდაპირ წერია ის, რაც „19 აპრილის შეთანხმებაში იყო. ევროპულმა კომისიამ რაც საჭიროდ ჩათვალა, გადმოიტანა ის საკითხი, სხვა საკითხები არ არის, ამ მანიპულაციას უნდა დაესვას წერტილი და მცდელობას, შემოიტანონ სხვა საკითხები, რაც დაკავშირებული არაა 12 პუნქტთან“, – განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის საკითხზე სამუშაოდ პარლამენტი მზად არის, თუმცა ამის წინაპირობა დეპოლარიზაციაა, შემდეგ კი ბარიერის დაწევა და არა პირიქით, ბარიერის დაწევა, როგორც დეპოლარიზაციის ინსტრუმენტი.
„ჩვენ 2020 წლის არჩევნები ჩავატარეთ 1%-იანი ბარიერის პირობებში და მგონი, ვერავინ შეატყო რამე პოლარიზაციის შესრულების კუთხით. დაბალ ბარიერს რომ შეეძლოს პოლარიზაციის შემცირება, აქამდე დიდი ხნის შესრულებული იქნებოდა“, – განაცხადა მან.
საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში პირველი მოსმენა აქვს გავლილი. 2022 წლის 13 ივნისს განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა.
ცვლილებებით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება.
„[საქართველომ უნდა] უპასუხოს პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემას, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობით“, – ასეთია ევროკომისიის პირველი რეკომენდაცია.
რეკომენდაციაა, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის მეტად გაუმჯობესება ეუთო/ოდირ-ის და ევროსაბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებით;
რაც შეეხება „მიშელის შეთანხმებას“, ტექსტში აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკური უთანხმოების დასასრულებლად ერთ-ერთ პუნქტად გაწერილია ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რომელიც, მათ შორის, ადგილობრივი არჩევნების 2,5-3%-იანი, ხოლო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერით გამართვას გულისხმობს.