„MEGOBARI აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს - ევროკომისიის პრესსამსახური

პუბლიკა

ევროკომისიის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ამერიკის კონგრესის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

პრესსმასახურში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ელიან.

„აშშ-ის კონგრესის მიერ „MEGOBARI აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველოდებით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკავშირმა რეაგირება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომების მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებით“, – განუცხადა ევროკომისიის პრესსამსახურმა „ინტერპრესნიუსს“.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ 6 მაისს მიიღო. კანონპროექტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა.

კანონპროექტს საბოლოოდ მიღებისთვის როგორც წარმომადგენელთა პალატის, ისე სენატის მხარდაჭერა სჭირდება – წარმომადგენელთა პალატის შემდეგ იგივე კანონპროექტი სენატმა უნდა მიიღოს. საერთო ვერსიის დამტკიცების შემდეგ ის აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოწერისთვის გადაეგზავნება.

„MEGOBARI აქტი“ ითვალისწინებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სრულფასოვანი გადახედვის ინიციირებას, დახმარების პროგრამების ჩათვლით, ასევე, სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოს დემოკრატიას უთხრის ძირს.