ევროკომისიის სპიკერის, ანუარ ელ ანუნის განცხადებით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას „ქართული ოცნების” ახალ რეპრესიულ საკანომდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთება გაუზიარა.
საქმე ეხება ახალ ცვლილებებს გრანტების კანონში, რომლითაც ფართოვდება „გრანტისა“ და სხვა ტერმინთა განმარტება და დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო აქამდე არსებულ ადმინისტრაციულ ჯარიმას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ჩაანაცვლებს.
EU-ის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის პირველ მოადგილეს გიორგი ზურაბაშვილს 12 თებერვალს შეხვდა.
დღეს ანუარ ელ ანუნმა თქვა, რომ „შემოთავაზებული ცვლილებები საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობაა, მკვეთრად შეზღუდოს ქვეყნის სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცე“.
„ევროკავშირის ელჩმა ევროკავშირის შეშფოთება უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას გაუზიარა. მიღების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო დათრგუნავს ძირითად დემოკრატიულ თავისუფლებებს“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ უფლებებს, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
„ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ქვეყნის ევროპულ გზას, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისთვის მიცემულ პირობას. რაც შეეხება ევროკავშირს – ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას. საქართველოს ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება სანქციებს „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ, ანუარ ელ ანოუნი ამბობს, რომ ევროკავშირი თანმიმდევრულია რეაგირებაში – ყველა ვარიანტი განიხილება.
„ჩვენ დავწიეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე, შევწყვიტეთ დახმარება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება სარგებლობდა და შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა ქართველი დიპლომატებისთვის, ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის”, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის პირველ მოადგილეს გიორგი ზურაბაშვილს 12 თებერვალს შეხვდა. წარმომადგენლობის განცხადებით, შეხვედრა მათ 11 თებერვალს მოითხოვეს.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის მიზანი გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა იყო.
ელჩი ჰერჩინსკის განცხადებით კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, „ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, რაც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებსა და პრინციპებს”.
„პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების ამ სახით დამტკიცება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სამოქალაქო სივრცესა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ზომები შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან და ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო.
ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, რაც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებსა და პრინციპებს“, – ნათქვამია EU-ის წარმომადგენლობის განცხადებაში.
შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა ქართულმა მხარემაც. ბოჭორიშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა, რომ შეხვედრაზე ელჩმა გრანტების კანონში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით ისაუბრეს, არც ის, რომ შეხვედრა ევროკავშირის ელჩმა მოითხოვა.
საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პოზიციის გადაცემა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე”. საქმე ეხება ყულევის ნავსადგურის შესაძლო სანქცირებას.