ევროკომისიის სპიკერი: მეზობელი ქვეყნებიდან რუსული ჯარების გაყვანა ევროპის უსაფრთხოებას ეხება

თამთა ნაჭყებია

ევროკომისიის სპიკერი, ანუარ ელ ანოუნი „პუბლიკის“ კითხვის პასუხად ამბობს, რომ კაია კალასის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილი დოკუმენტი, რომლითაც, უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკების ფარგლებში მოთხოვნილია რუსული ჯარების რაოდენობის შემცირება და მათი გაყვანა მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, ეხება ევროკავშირის ინტერესებს უსაფრთხო და სტაბილური ევროპის შესახებ.

ინფორმაცია, რომ კაია კალასმა სადისკუსიო დოკუმენტი აღნიშნული შინაარსით EU-ის წევრ 27 ქვეყანას გაუგზავნა, „რადიო თავისუფლების“ პრაჟის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა.

ევროკომისიის სპიკერმა თქვა, რომ ევროკავშირს უკრაინაზე მოლაპარაკებების პროცესში „რუსეთის მხრიდან სჭირდება რეალური მზაობის დადასტურება იმისა, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა“. უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავალი აშშ-ია. ევროკავშირი პროცესში წარმოდგენილი არ არის.

„უმაღლესი წარმომადგენლის მიდგომა შეეხება ჩვენს ინტერესებს უსაფრთხო და სტაბილური ევროპის შესახებ. ევროკავშირი მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ისწრაფვის უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიული ომში უკრაინის წინააღმდეგ მკაფიოა მსხვერპლი და აგრესორი. მანამდე ასევე ძალიან ნათლად იყო ნათქვამი, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად ნებისმიერ გეგმას დასჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა, იმისთვის, რომ მან იმუშაოს.

ჩვენ გვჭირდება რუსეთის მხრიდან რეალური მზაობის დადასტურება იმისა, რომ ის მართლაც ესწრაფვის მშვიდობას. და ჩვენ ასევე გვჭირდება იმის დანახვა, რომ ევროპის ინტერესები გარანტირებული და წარმოდგენილია“, – განაცხადა ანუარ ელ ანოუნიმ.

„რადიო თავისუფლებამ“ 17 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაავრცელა განსახილველი დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ის დამთმობი ნაბიჯები, რომლებიც რუსეთმა უნდა გადადგა უკრაინასთან მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, რომელშიც მედიატორის როლს აშშ ასრულებს.

კაია კალასის დოკუმენტის მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მათ გაყვანას მეზობელი ქვეყნებიდან, რეპარაციების გადახდასა და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას.

არც ევროკავშირი და არც მისი წევრი ცალკეული ქვეყანა არ მონაწილეობს უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში.

როგორც „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი წერს, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარების უდიდეს ნაწილს სწორედ ევროკავშირი აფინანსებს, ხოლო პოტენციური 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოიცავს ბრიუსელის მკაფიო კომპეტენციებს (მაგალითად, უკრაინის წევრობას ევროკავშირში 2027 წლისთვის), ევროპელი ლიდერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოლაპარაკებებში პოლიტიკური გავლენის ნაკლებობის გამო.

დოკუმენტი, სათაურით „ევროპის ძირითადი ინტერესები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება ვერ მიიღწევა „მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროკავშირის ყოფნისა და მისი ძირითადი ინტერესების გათვალისწინების გარეშე“.

ერთი ევროპელი ოფიციალური პირი, რომელიც იცნობს დოკუმენტს, „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს: „მშვიდობის მიღწევა მხოლოდ უკრაინის დათმობებზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს რუსეთმა, სანამ იქ რაიმე ელჩს გავგზავნიდეთ“.

ევროკავშირის დედაქალაქებში რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე მსჯელობენ, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს შეთანხმება იმაზე, თუ ვინ იქნება ეს პირი ან როგორი იქნება მისი მანდატი.

კაია კალასის დოკუმენტში ნათქვამია:

  • თუ უკრაინამ უნდა შეზღუდოს ჯარების რაოდენობა ან გამოიყვანოს ისინი გარკვეული ტერიტორიებიდან (რაც აშშ-ის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში განიხილება), მაშინ რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს. დოკუმენტი ასევე მოითხოვს, რომ არ მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების „დე იურე“ აღიარება და ეს ტერიტორიები იყოს დემილიტარიზებული იყოს.
  • ევროკავშირი მოითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დეზინფორმაციული კამპანიები, საბოტაჟი, კიბერშეტევები, საჰაერო სივრცის დარღვევა და ჩარევა არჩევნებში ევროპის ტერიტორიასა და მეზობელ ქვეყნებში.
  • კიდევ ერთი მოთხოვნა ითვალისწინებს ბელორუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და რუსული სამხედრო ყოფნის აკრძალვას ბელორუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში – რუსული ჯარები ათეულობით წლებია, დგანან ამ ქვეყნების ოკუპირებულ რეგიონებში: აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და დნესტრისპირეთში, ასევე ბაზებზე სომხეთსა და ბელორუსში.
  • ევროკავშირი მოითხოვს, რომ არ მოხდეს ომის დანაშაულების საყოველთაო ამნისტია, საერთაშორისო გამომძიებლებს მიეცეთ წვდომა სავარაუდო დანაშაულის ადგილებზე და რუსეთის შიდა კანონმდებლობა არ დადგეს საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მაღლა.

ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა აანაზღაუროს ზარალი და წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში, ასევე აანაზღაუროს ევროპული სახელმწიფოებისა და კომპანიებისთვის მიყენებული ზიანი და ეკოლოგიური ზარალი.

დოკუმენტში არის მოთხოვნები რუსეთის შიდა მდგომარეობასთან დაკავშირებითაც:

  • თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო მონიტორინგით.
  • ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება.
  • დეპორტირებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დაბრუნება.
  • მედიის თავისუფლება და „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის გაუქმება.
  • ისტორიის გაყალბების შეწყვეტა და იმ კანონების გაუქმება, რომლებიც კრიმინალად აცხადებენ განსხვავებულ აზრს.
  • სრული თანამშრომლობა რუსი ოპოზიციონერი ლიდერების, ალექსეი ნავალნისა და ბორის ნემცოვის მკვლელობების გამოძიებაში.

რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, შესაძლოა, ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის მიერ წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილი დოკუმენტი 23 თებერვალს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილონ.