ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრის, ანა ლიუმანის თქმით, ევროკომისიის ამჟამინდელი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ ვერ ასრულებს იმ რეფორმებს, რომლებიც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუწესა.
ამის შესახებ ანა ლიუმანმა შვედეთში ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე შესვლის წინ ისაუბრა, რომელზეც ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ გატარებულ რეფორმებზე შუალედურ ზეპირ მოხსენებას წარადგენს.
„საქართველოს ადგილი ევროპაშია და ეს ერთმნიშვნელოვნას ასეა. მე შევხვედრივარ ბევრ ქართველს, ვინც ძალიან, ძალიან მოწადინებულია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით რასაც ვისმენთ ევროკომისიისგან, ხელისუფლება სათანადოდ ვერ პასუხობს მისდამი არსებულ მოლოდინს. რეფორმები ნამდვილად ვერ სრულდება ისე, როგორც საჭიროა.
ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქეები მოითხოვენ ხელისუფლებისგან, შეასრულონ ეს პრიორიტეტები არამხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, არამედ იმიტომაც, რომ ეს საქართველოს გახდის უფრო თავისუფალ ქვეყნად, სადაც მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა.
რამდენადაც ვიცით ევროკომისიისგან და დღეს უფრო დეტალურად მოვისმენთ, ბევრი გამოწვევა რჩება კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის რეფორმების კუთხით. ასევე განვიხილავთ, როგორ ექცევიან სამოქალაქო საზოგადოებას და მეტი დეტალი გვეცოდინება.
თუმცა მკაფიოა გერმანიის პოზიცია, რომ ჩვენ გვსურს საქართველოს ხილვა ევროკავშირში და მხარს ვუჭერთ ყველას საქართველოში, ვისაც უნდა ევროინტეგრაცია“, – თქვა ანა ლიუმანმა.
სტოკჰოლმში არაფორმალური შეხვედრის შემდეგ დღეს პრესკონფერენციაც არის დაგეგმილი, რომელზეც მოსალოდნელია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ასოცირებული ტრიოს მიერ გატარებულ და გასატარებელ რეფორმებზე მეტ დეტალს იტყვიან. როგორც დაგეგმილია, ევროკომისიის საბოლოო ანგარიში ოქტომბერში იქნება, დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრების მსურველი თითოეული ქვეყნის წინსვლაზე.