„ევროკომისრები ნაკლებად დარწმუნებულები არიან საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე“ - POLITICO

პუბლიკა

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციას გასცემს, ევროკომისრები, ძირითადად, მხარს უჭერენ მოლდოვასაც, საქართველოსთან მიმართებით კი ნაკლებად დარწმუნებულები არიან.

POLITICO ინფორმაციას რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, – იტყობინება რამდენიმე ოფიციალური პირი იმ მსჯელობიდან გამომდინარე, რომელიც გაიმართა ორშაბათს, 13 ივნისს, კომისრების დებატებისას.

აღნიშნულ დებატებს კიევში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის მოულოდნელი ვიზიტი მოჰყვა. მან პრეზიდენტ ზელენსკისთან უკრაინის წევრობის წინადადება განიხილა. ეს ომის დაწყების შემდეგ ურსულა ფონ დერ ლეიენის მეორე ვიზიტი იყო.

…მოლდოვამ და საქართველომ ასევე შეიტანეს განაცხადი კანდიდატის სტატუსი და ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ კომისრები ძირითადად მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ამჟამად მტკიცედ პროევროკავშირული მთავრობაა, თუმცა ისინი ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოზე, რომელმაც ბოლო წლებში განიცადა ფართო პოლიტიკური არეულობა და შესამჩნევი დემოკრატიული უკუსვლა“, – წერს „პოლიტიკო“.


13 ივნისს მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა „რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა ბრიუსელიდან.

„როგორც ჩანს, სტატუსს დათქმებით უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ, თუმცა საქართველოზე კვლავ კითხვის ნიშნებია. გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი, ხოლო წევრი სახელმწიფოები საბოლოო ვერდიქტს შემდეგ კვირაში გამოიტანენ“, – წერს Twitter-ის პირად გვერდზე იოზვიაკი.