„ევროოპტიმისტები" კომიტეტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს იბარებენ

პუბლიკა

პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების” წევრები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს იბარებენ.

რომან გოცირიძემ შესაბამისი წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, რატი იონათამიშვილს და მოუწოდა, ჯანაშვილი სხდომას დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ დაესწროს. საკითხი ეხება იმ მუქარის შემცველ ზარებს, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე მოქალაქეების მიმართ 7 მაისის შემდეგ ხორციელდება.

„2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით. ამასთან, ადრესატების მიმართ ხორციელდება სხვადასხვა სახის მუქარა.

ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველო კანონთან მიმართებაში, რა პოზიცია აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს აღნიშნულ ზარებთან დაკავშირებით;
  • გაარკვია თუ არა სამსახურმა საიდან ხორციელდება ზარები და ვინ აორგანიზებს მას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა ინიციატივა, რომ მმართველი პარტია შექმნის მონაცემთა რეესტრს იმ ადამიანებისგან, რომლებიც სოციალურ ქსელში ხელისუფლების საწინააღმდეგო რეაქციებს გამოახატავენ.

  • რა პოზიცია აქვს რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს; რამდენად თავსებადია ამგვარი რეესტრის შექმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონთან?

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საკითხები განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მხრიდან საზედამხედველო სფეროს, მოგმართავთ შუამდგომლობით, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მორიგ სხდომაზე მოიწვიოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი, რათა მან უპასუხოს დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს”, – ნათქვამია წერილში.

ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კომიტეტზე დასწრებას ითხოვენ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური ჯგუფი და ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

7 მაისიდან რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს უცხო ნომრიდან ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან. თავდაპირველად ზარები უკრაინული VPN-ით ფიქსირდებოდა, თუმცა მომდევნო დღეებში რამდენიმე მოქალაქეს ქართული ნომრებიდან დაურეკეს.

როგორც ისინი სოციალურ ქსელებში წერდნენ, უცხო ნომრებით ურეკავენ მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან შვილებს და ემუქრებოდნენ – რამდენიმე პირმა დაწერა, რომ იყო სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი ზარებიც.