ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიების დაქირავების ფაქტი ჟურნალისტებთან დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჟღერებული შეფასებები უსამართლოა და ლობისტური კომპანიების საშუალებით ევროპა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე სიმართლეს გაიგებს.
„მხოლოდ პოზიტიურად ვაფასებ ამ ამბავს. იმ ზღვა ინფორმაციაში, რაც დასავლეთს მიეწოდება, ბევრი არასწორი და უსამართლოა. ეს [ლობისტური კომპანიები] არის კარგი არხი, რომ სიმართლე ვუთხრათ მსოფლიოს, რა პროცესები და რა რეფორმები მიმდინარეობს საქართველოში. დასავლეთი გაიგებს ჭეშმარიტებას, სიმართლეს, მათ შორის ამ არხით. ამიტომ მხოლოდ პოზიტიურად ვაფასებ“, – – განაცხადა ნათია თურნავამ.
„ქართულმა ოცნებამ” 2020 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ორ ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება.
მმართველმა პარტიამ ამერიკულ ლობისტურ კომპანია Hogal Lovells-სთან 2020 წლის 30 იანვარს გააფორმა ხელშეკრულება და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 900 ათასი აშშ დოლარია. ლობისტურ კომპანია DCI Group-თან ხელშეკრულება მმართველმა პარტიამ თებერვალში გააფორმა. კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებაა თვეში 33 333 დოლარია. კონტრაქტის მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე.