ევროპარლამენტარები: დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

პუბლიკა

ოთხი ევროპარლამენტარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი, სერგეი ლაგოდინსკი და რასა იუკნევიჩიენე ამბობენ, რომ გმობენ საქართველოს ხელისუფლების მზარდ რეპრესიებს დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ და ძალის გადამეტებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპონენტების დაკავება და ოფისების ჩხრეკა ავტორიტარული რეჟიმების ინსტრუმენტთა ნაკრების ნაწილია და ადგილი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მქონე ქვეყანაში.

„ქართული ოცნება“ პირდაპირ პასუხისმგებელია დემოკრატიის უწყვეტ უკუსვლაზე და ქვეყნის მკვეთრ გადახვევაზე ევროპული გზიდან, ხალხის დიდი უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები საქართველოს მომავლის შესახებ ფართოდ გავრცელებული შეშფოთების ლეგიტიმური გამოხატულებაა, ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში“, – წერია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს დააწესონ პერსონალური სანქციები „ოცნების“ ყველა იმ პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ, „რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გავრცელებულ საარჩევნო დარღვევებზე და შემდგომ რეპრესიებზე ქუჩებში გამოსული საქართველოს მოქალაქეების მიმართ“.

„გარდა ამისა, ვიმეორებთ ჩვენ მოთხოვნას, დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც საბოლოო ჯამში პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირია რეპრესიების ტალღასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე“, – წერია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ „საქართველოს სჭირდება, გაყალბებული არჩევნების ხელახალი ჩატარება“, რომელიც ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, „რაც უზრუნველყოფს ჭეშმარიტად სამართლიან და გამჭვირვალე პროცესს“.