ევროპარლამენტარები: ეს კანონი არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე

პუბლიკა

ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი „ოცნების” მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

ევროპარლამენტარები წერენ, რომ კანონის უკან შემობრუნება დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმას გულისხმობს და შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან.

ისინი ასევე შეშფოთებას გამოხატავენ აქციის მონაწილეების მიმართ სპეცრაზმის ძალადობრივი ქმედებების გამო და ხაზს უსვამენ, რომ მშვიდობიანი პროტესტი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დაცული უნდა იყოს.

ევროპარლამენტარების განცხადება: 

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში მმართველი პარტიის მიერ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი შემოტანით. ეს კანონი, რომელიც გუშინ პარლამენტში პირველი მოსმენით გაიარა, არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, არ გააცრუონ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებები და ჩაერთონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობაში, რათა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს იყოს უზრუნველყოფილი.

ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საკამათო კანონპროექტის წინააღმდეგ დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმის მიერ ძალის გამოყენებით. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უფლება ფუნდამენტური უფლებაა და მკაცრად უნდა იქნას დაცული, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში.

მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის განურჩეველი გამოყენება არ შეიძლება იყოს გამართლებული. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა და თავიდან აიცილოს ძალადობის ესკალაცია.

ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მიმართ და შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები ჯერ კიდევ უნდა განხორციელდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.