ევროპარლამენტარები გეგმავენ, დღის წესრიგში დააყენონ „იმედის“, „რუსთავი 2-ის“ და „POSTV-ის“ სანქცირების საკითხი

პუბლიკა

ევროპარლამენტარები გეგმავენ, დღის წესრიგში დააყენონ „იმედის“, „რუსთავი 2-ის“ და „POSTV-ის“ სანქცირების საკითხი. EPP-ის სამ წევრს: კშიშტოფ ბრეიზას, მიხალ შჩერბას და ანდრეი ჰალიცკის შესაბამისი შესწორებები რასა იუკნევიჩიანეს მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშში შეაქვთ, რომელმაც შემდეგ ევროპარლამენტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

ერთ-ერთი შესწორება ასეთია:

„ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ტელეკომპანიების – „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტ ტვ“-ის მიერ გავრცელებულ სისტემურ დეზინფორმაციას, ცილისმწამებლურ კამპანიებსა და მტრულ პროპაგანდას, რომლებიც მოქმედებენ როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის დე ფაქტო საკომუნიკაციო ფრთა და არა როგორც დამოუკიდებელი მედიები;

გმობს ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ევროკავშირის ოფიციალურ პირებსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე განხორციელებულ არაერთგზის თავდასხმას, მათ შორის ცილისმწამებლურ ნარატივებს, მანიპულაციურ გაშუქებასა და კოორდინირებულ მცდელობებს ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შელახვის მიზნით;

ხაზს უსვამს, რომ დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ წაქეზება და ანტიევროპული ნარატივების ორკესტრირება ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ ჟურნალისტიკად, რომელიც დაცულია მედიის თავისუფლებით, რომ ეს არის პოლიტიკური პროპაგანდა, რომელიც მიზნად ისახავს ავტორიტარული კონტროლის განმტკიცებას და საქართველოს იზოლაციას მისი ევროპული გზიდან; აღნიშნავს, რომ ასეთი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს და ძირს უთხრის პლურალიზმის, დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს;

მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორკესტრირებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მტრული აქტივობები გაგრძელდება“.

პროპაგანდისტულ „იმედს“ და POSTV-ის სანქციები დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის 24 თებერვალს დაუწესა.

დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ამ კატეგორიაში ბრიტანეთმა სანქციების აღნიშნული პაკეტით მხოლოდ „იმედი„ და „პოსტივი“ დაასანქცირა.

ბრიტანეთის მიერ სანქცირებული არ არის პროპაგანდისტული „რუსთავი 2“.

რაც შეეხება ევროპარლამენტის ანგარიშს საქართველოს შესახებ – ამ დროის ინფორმაციით, ინიციირებულია 350-ზე მეტი შესწორება.

დოკუმენტი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე 25 თებერვალს განიხილეს. ანგარიშით დაგმობილია დემოკრატიული უკუსვლა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლა, რეპრესიული კანონების მიღება და პოლიტიკოსების და მოქალაქეების დაპატიმრება. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავ არ უერთდება რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობას.