ევროპარლამენტარები ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს გიორგი კინოიანის საქმეზე წერილით მიმართავენ.
წერილში, რომელსაც ხელს აწერენ კრიშტოფ ბრეჟა, რასა იუკნევიჩიანე, მიხალ შჩზერბა ბორის ბუდკა, მარკეტა გრეგოროვა და პეტრას ავსტრივიჩუსი, გამოხატულია შეშფოთება საქართველოს მოქალაქის, უკრაინაში მებრძოლი გიორგი კინოიანის სომხეთში დაკავების გამო, რომელიც ახლა რუსეთში ექსტრადიციის მოლოდინშია.
„რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში გიორგი კინოიანის სიცოცხლეს დაუყოვნებლივ ემუქრება საფრთხე. ეჭვგარეშეა, რა ელოდება მას იქ: წამება, პოლიტიკური დევნა ან სიკვდილი.
ეს მხოლოდ პირადი ტრაგედია არ არის. ეს პირდაპირი გამოწვევაა სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და ევროპული სოლიდარობის პრინციპებისთვის. სომხეთის თანამშრომლობა რუსეთთან აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლთა დევნის ნაწილში მკვეთრად ეწინააღმდეგება მის მისწრაფებებს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებისკენ, მათ შორის, უფრო ღრმა პოლიტიკური ჩართულობისკენ.
ის ფაქტი, რომ ეს ქვეყანა ხელს უწყობს ადამიანების გადაცემას რეჟიმისთვის, რომლებიც ომის დანაშაულზე და სისტემურ რეპრესიებზეა პასუხისმგებელი, ძალიან სერიოზულ ეჭვებს იწვევს.
ევროკავშირმა ამას სწრაფად და მკაფიოდ უნდა უპასუხოს.
გიორგი კინოიანის ექსტრადიცია უნდა აღიკვეთოს. სიჩუმე ან დაყოვნება რუსეთს, სომხეთს და ყველას, ვინც უკრაინის ფრონტის ხაზზე ევროპული ღირებულებების დასაცავად სიცოცხლეს რისკავს, არასწორ მესიჯს გაუგზავნის.
მე მკაცრად მოგიწოდებთ, ეს საქმე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე წამოჭრათ და დაუყოვნებლივ, მტკიცე დიპლომატიური ზომები მიიღოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ გიორგი კინოიანი რუსეთის ხელისუფლებას არ გადაეცეს. საფრთხეშია ევროკავშირის სანდოობა ადამიანის უფლებების, სამართლიანობისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლი მამაცი პირების დაცვაში“, – ნათქვამია წერილში.
🇬🇪🇪🇺 With my initiative and the support of my fellow MEP colleagues, we addressed President Ursula von der Leyen regarding the urgent case of Giorgi Kinoiani, a Georgian fighter in Ukraine, detained in Armenia and facing imminent extradition to Russia. We stressed that his life… pic.twitter.com/omZ1EH41oC
— Krzysztof Brejza🇵🇱🇪🇺🇬🇪🇺🇦 (@krzysztofbrejza) September 8, 2025
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გიორგი კინოიანი 3 სექტემბერს სომხეთში დააკავეს და 40-დღიანი საექსტრადაციო პატიმრობა განუსაზღვრეს.
2024 წლის 25 ოქტომბერს გიორგი კინოიანს 2024 წელს ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ გიორგი კინოიანი, რომელიც რუსეთის მიერ არის ძებნილი, 3 სექტემბერს გოგავანის (სადახლოს) სასაზღვრო პუნქტთან.
სომხური მხარის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა გენერალურ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და ძებნის გამომცხადებელს.
„ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართულ მხარეს გიორგი კინოიანის დაკავებაზე სომხეთიდან ოფიციალური ცნობა ჯერაც არ მიუღია და საკონსულო კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.