ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ საუბრობენ „კამიტის“ შესაძლო გამოყენების გამოძიებაზე

პუბლიკა

ევროპარლამენტარის სამი წევრი EPP-დან: კშიშტოფ ბრეიზა, მიხალ შჩერბა და ანდრეი ჰალიცკი კიდევ ერთხელ მოითხოვენ „ქართული ოცნების“ მხრიდან დემონსტრანტების წინააღდეგ ქიმიური ნივთიერება „კამიტის“ შესაძლო გამოყენების გამოძიებას.

შესწორება მათ რასა იუკნევიჩიანეს მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშში შეაქვთ. შესწორებებმა ევროპარლამენტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

დეპუტატების მიერ ინიციირებულ შესწორებაში წერია:

„[ევროპარლამენტი] გამოხატავს უკიდურეს განგაშს BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟის გამო, რომელიც ეხება ბრალდებებს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტის, ე.წ. „კამიტის“ შესაძლო გამოყენების შესახებ საქართველოში, საპროტესტო აქციების დროს;

ხაზს უსვამს, რომ დადასტურების შემთხვევაში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ნებისმიერი ქიმიური აგენტის გამოყენება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმებისა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის უხეშ დარღვევას;

მოითხოვს ამ ბრალდებების დაუყოვნებლივ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიებას;

აღნიშნავს, რომ ევროკავშირი არ უნდა დარჩეს დუმილის რეჟიმში ასეთი ინფორმაციის ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას;

ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური აგენტების ნებისმიერი დადასტურებული გამოყენება ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია კავშირი და საჭიროებს ევროკავშირის მხრიდან გადამწყვეტ და პროპორციულ პასუხს, მათ შორის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შემდგომი შემზღუდავი ზომების განხილვას“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ევროპარლამენტარები დღის წესრიგში აყენებენ „კამიტის“ შესაძლო გამოყენების გამოძიების მოთხოვნას.

2025 წლის 17 დეკემბერს ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური აგენტების გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიება მოითხოვეს.

2026 წლის 23 იანვარს კი ევროპარლამენტარებმა იმავე საკითხზე ევროკომისიას მიმართეს. ინიციატივა ჩეხ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას ეკუთვნის. „პუბლიკას“ გრეროგოვამ მისწერა, რომ მისი განზრახვა არა ნაადრევი დასკვნების გამოტანა, არამედ კომისიისთვის თხოვნაა, შეაფასოს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის სანდოობა და განმარტოს, როგორ აფასებს მათ სერიოზულობას“.

ევროკავშირის სპიკერმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ „ევროკავშირს არ აქვს სპეციალური მექანიზმი ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების გამოსაძიებლად, თუმცა, ის აქტიურად უჭერს მხარს და თანამშრომლობს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW)“.

„კამიტის“ და სხვა ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიებაზე საუბარია ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაშიც. კერძოდ, „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, „OPCW-სთან თანამშრომლობის ქიმიური იარაღის შესახებ 1992 წლის კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება მიმართონ OPCW-ს აღმასრულებელი საბჭოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების ფაქტის გასარკვევად“.


2025 წლის 1 დეკემბერს BBC-იმ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.

ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო „სხვა ნივთიერებაც“.

„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა მაშინ დარახველიძემ. თუმცა, მისივე მტკიცებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა.

ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ,  2024 წლის 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა.

წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევას ადასტურებს ირაკლი კობახიძეც. „ოცნების” პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ წყალში შერეული არ ყოფილა „კამიტი“, ხოლო იმას, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებფული, „გამოძიება დაადგენს”.

BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:

  • ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
  • ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება. ტრიქლოროეთილენი კარცეროგენია. 

დოკუმენტში ამ ნივთიერებების შეზავების წესებიცაა შეტანილი. BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.

გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.

BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.

2025 წლის 6 დეკემბერს სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილე, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი.  

მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი.

ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება. 

მისივე მტკიცებით, შსს-ს არასდროს შეუძენია „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი, შესაბამისად, არც აქციაზე გამოუყენებია.