ევროპარლამენტარები: მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ოთხი ლიდერის გასამართლებას

პუბლიკა

ოთხი ევროპარლამენტარი ერთობლივი განცხადებით „ქართული ოცნების“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას ეხმაურება.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე, სერგეი ლაგოდინსკი, სამხრეთ კავკასიის ურთიერთობა დელეგაციის თავმჯდომარე, ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩენე ერთობლივ განცხადებაში წერენ:

„ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მაუწყებლებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ახალი ტალღის გამო.

მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ოთხი წევრის – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის – გასამართლებას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიის მოწვევაზე დაუმორჩილებლობისთვის. მათი გასამართლება და საჯარო თანამდებობის დაკავების ორი წლით აკრძალვა პოლიტიკურად მოტივირებულ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო აშკარა თავდასხმაა დემოკრატიაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური ხმების გაჩუმებასა და დაშინებას.

ეს ნაბიჯი „ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ოპოზიციის ნებისმიერი ფორმის ჩახშობის მცდელობის ნათელი მაგალითია. ეს კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს საერთო მდგომარეობას და ჩვენს შეშფოთებას იწვევს მოახლოებულ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ოპოზიციის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მაუწყებლებს და მომიტინგეებს, რომლებიც რეპრესიების ამ ახალი ტალღის სამიზნეები არიან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დააწესონ პერსონალური სანქციები დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარებისკენ, რომელიც მართული იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, ფართო საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას“.