ევროპარლამენტარები საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოუწოდებენ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველას, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს.
ევროპარლამენტარები წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ „ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების ლეგიტიმაციისგან”.
„ჩვენ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესებაზე. შოკირებული ვართ ცნობით, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ძალადობრივად თავს დაესხნენ ბათუმის სასტუმროში და შემდგომ საავადმყოფოში მკურნალობდა. ეს „ქართული ოცნებისა” და მისი მოკავშირეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დისიდენტების წინააღმდეგ ორკესტრირებული მზარდი ძალადობის კიდევ ერთი მაგალითია.
ჩვენ ვდგავართ მშვიდობიანი მომიტინგეების გვერდით, რომლებიც 50 დღეა ყოველ საღამოს საქართველოს ქუჩებში დემონსტრაციებს მართავენ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის.
საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი იყო და ამ არჩევანს ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა ჰქონდა. ეს არ შეცვლილა. შეიცვალა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ” ქართველებს მომავალი წაართვა და თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს საქართველოსთვის ევროპული დემოკრატია სურთ.
საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ჩვენ ვართ იმ პოზიციაზე, რომ ამჟამად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის ნების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია. ჩვენ არ ვაღიარებთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ვინაიდან ის გაყალბდა და დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები არ იყო დაცული. ამ ორგანოს მიერ მიღებულ არც ერთ გადაწყვეტილებას არ ვაღიარებთ.
მტკიცედ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველას, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს.
მოვუწოდებთ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის რეგიონალურ ორგანიზაციებს, თავი აარიდონ „ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ოფიციალური პირების ლეგიტიმაციას და ამასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ, შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო.
დაუყოვნებლივ ვითხოვთ, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ფართო საერთაშორისო მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეალურად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნება”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანტონიო ლოპეს-ისტურიზ ვაიტი.