ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს რუსული კანონი იქამდე, სანამ ის „უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს საქართველოს შიგნით” და კიდევ უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის ევროპულ მომავალს.
ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხზე მომხსენებლი სვენ მიქსერი ავრცელებენ.
ევროპარლამენტარების განცხადება სრულად:
„ჩვენ ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების კანონის” მიღების გამო. იმედგაცრუებულები ვართ, რომ მმართველმა პარტიამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებლებისა და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის შეშფოთება.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის ევროპულ მომავალს.
ჩვენ ვიმეორებთ სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს და დემონსტრაციებს მართავს თავისი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის. მთავრობამ თბილისში დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დეესკალაცია, თავი შეიკავოს ძალის შემდგომი გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობა ან მუდმივი დაშინება არის მშვიდობიანი პროტესტის უფლების დარღვევა და შესაბამისად, ეს მიუღებელია.
სამოქალაქო საზოგადოების და მედიის თავისუფლებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია და ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი მოთხოვნაა.
ჩვენ მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას, გადახედონ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის, ქვეყნისთვის ჩვენ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ კომისიას, დაუყოვნებლივ ზეპირი შეფასება მისცეს, თუ როგორ იმოქმედებს „უცხოური აგენტების კანონი” საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.