ევროპარლამენტარები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აკრიტიკებენ. ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ამბობს, რომ ამას არ შეიძლება ჰქონდეს „პოზიტიური გავლენა“. კალიურანდისა და სვენ მიქსერის კომენტარების თარგმანს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
„ეს საკითხები შეიძლება, იყოს შიდა თემა, მაგრამ, რა საკვირველია, მათ აქვთ საერთაშორისო გავლენა. ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ევროპარლამენტში, ის ძალიან ძლიერი მხარდამჭერია საქართველოსი, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების, ასე რომ, ჩვენ მას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. თუ სხვა ამბებსაც გავითვალისწინებთ, კი არის შიდა საკითხები, მაგრამ მათ აქვთ საერთაშორისო გავლენა, რადგან, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე, თვალს ადევნებს მიმდინარე პროცესებს. მე მივიღე განმარტება, რომ კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის სავარაუდო დარღვევა იყო. მე არ ვიცი საქართველოს კონსტიტუცია, სიმართლე გითხრათ, კონკრეტულ პუნქტებს მნიშვნელობა არ აქვს, მე უფრო დიდ სურათს ვუყურებ, დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტს იმპიჩმენტს რომ უწყობენ, ამას პოზიტიური გავლენა არ აქვს“, – განაცხადა კალიურანდმა.
ევროპარლამენტარი, სვენ მიქსერი ამბობს, რომ სასურველია, ქართველი პოლიტიკოსები ევროპაში უფრო მეტად პოზიტიური სიახლეებით ჩადიოდნენ. აღნიშნა, რომ ისევე როგორც საკანონმდებლო ინიციატივა ე.წ. აგენტების შესახებ, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხიც „ევროპაში ბევრისთვის მოულოდნელი მოვლენა აღმოჩნდა”.
„ცხადია, ყოველთვის მოხარულები ვართ, რომ განახლებული ინფორმაციები მოვისმინოთ, როგორ მიმდინარეობს სხვადასხვა რეფორმა, მაგრამ ამ შემთხვევაში არის თემები, რომელიც დემონსტრაციულია და კრიტიკულია ევროპელების დარწმუნება, რომ საქართველო არსებითად სწორ გზას ადგას, როდესაც საქმე დემოკრატიულ რეფორმებსა და სახელმწიფოში კანონის უზენაესობას ეხება. ამ საკითხების მიმართ ბევრი შეკითხვებია და ეს შეკითხვები იზრდება. მაგალითად, უკან გაწვეული საკანონმდებლო ინიციატივა ე.წ. აგენტების შესახებ, რომელმაც შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომელსაც ევროპაში ბევრი ადამიანისთვის მოულოდნელი იყო, ჩემი აზრით, ესენია ყველაზე თვალშისაცემი მოვლენები“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.
სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „ოცნებამ” 1 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. „ქართული ოცნება” ზურაბიშვილს იმპიჩმენტს უცხადებს იმის გამო, რომ მან ვიზტები ევროპაში მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გამართა. სახელისუფლებო გუნდის თქმით, პრეზიდენტმა ამით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.