ევროპარლამენტარები ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ

პუბლიკა

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია. წერილს, რომელსაც ევროპარლამენტარი მარკეტკა გრეგოროვა ავრცელებს, მასთან ერთად ხელს ევროპარლამენტის 18 წევრი აწერს.

„დღეს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. ამიტომ ევროპარლამენტში მე და ჩემმა კოლეგებმა გადავწყვიტეთ, მოვუწოდოთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ განიხილოს ნიკა გვარამიას შეწყალება. ჩვენ სამუდამოდ ვრჩებით საქართველოს მეგობრებად და ვიმედოვნებთ, გადავცემთ სიმბოლურ გზავნილს ამ მნიშვნელოვან დღეს“, – წერს გრეგოროვა Twitter-ზე.

ევროპარლამენტარების მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოსახლეობამ მკაფიოდ დააფიქსირა და კონსტიტუციაში აღბეჭდა ევროკავშირისკენ სწრაფვა. ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი, საქართველოსთვის გაცემული 12 რეკომენდაციიდან ორი კი ეხება ქვეყანაში თავისუფალი, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს შექმნას.

ამიტომ, როგორც ევროპარლამენტარები წერენ, მედიაორგანიზაციების მფლობელების წინააღმდეგ გამოძიება მიუკერძოებლად, უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებით უნდა მიმდინარეობდეს და მათ საქმეებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო უნდა განიხილავდეს.

ევროპარლამენტარები გმობენ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

„ევროკავშირის რეკომენდაციებთან კავშირში, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ კრიტიკული მედიის ხმა არასდროს უნდა ჩაეხშოს, და რომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიისთვის. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ განიხილოთ თქვენი უფლებამოსილების გამოყენება და გაათავისუფლოთ ნიკა გვარამია“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების მიმართვაში.