„საბოლოო ჯამში დღეს მგონი ყველამ დაინახა, რომ ჩვენი მხრიდან ევროპარლამენტარების გაკრიტიკება, ოპონირება, იმ უსამართლობის გაკრიტიკება, რაც იქიდან მოდიოდა, ემსახურებოდა ერთ მთავარ მიზანს – კანდიდატის სტატუსის მიღებას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი Live“-ში განაცხადა.
„ჩვენ სწორად ვიმოქმედეთ. რაც მთავარია, ვაჩვენეთ ღირსება და ეს იყო პოლიტიკური თვალსაზრისით გადამწყვეტი. იყო უამრავი უსამართლობა….
მარტივი არ იყო ჩვენი მხრიდან სიმართლის ლაპარაკი იგივე რეზოლუციებთან დაკავშირებით. გამოდის 400 ევროპარლამენტარი და რაღაცას ამბობს, რაც არ უნდა უსამართლობა იყოს, იქ ოპონირება, რა თქმა უნდა, რთულია. შეიძლება საზოგადოებაც ამ ოპონირებას სხვანაირად აღიქვამდა….
სწორედ იმის გამო, რომ უსამართლობას ვუპირისპირებდით ჩვენს მყარ პოზიციას, ვავლენდით პრინციპულობას ყველა ეტაპზე, ამან მოიტანა საბოლოო ჯამში ის წარმატება, რაც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ხალხის ძალამ“ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საზოგადოებას სიმართლე გაეგო.
„თავიდან ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ჩვენც გვქონდა ეს სკეპტიკური დამოკიდებულება, თუმცა საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებმა საზოგადოებას უთხრეს სიმართლე ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით.
თავის დროზე ამაზე კომენტარის გაკეთებაც გვიჭირდა, მაგრამ წერილები ქვეყნდებოდა ხშირად მათი მხრიდან. რაც იყო იმ წერილებში ნათქვამი, თითოეული წინადადება იყო სიმართლე. მაშინ გვიჭირდა ამაზე საუბარი, თუმცა დღეს განსხვავებული ვითარებაა. კანდიდატის სტატუსი მივიღეთ“, – განაცხადა კობახიძემ.