საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა გაიმართა. ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის ვიცესპიკერი კახა კუჭავა და შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს ხელისუფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის, ოპოზიციონერების დევნისა და ივნისის მოვლენების გამო გააკრიტიკეს.
ევროპელი მწვანეებისა და თავისუფალი ალიანსის ჯგუფის წარმომადგენელმა მარკეტა გრეგოროვამგანაცხადა, რომ ბორდერიზაციის პროცესი საოკუპაციო ხაზებთან ისევ გრძელდება. გრეგოროვამ ციხელაშვილს ჰკითხა, თუ რატომ არ უშვებენ გარკვეულ ტერიტორიებზე აქტივისტებსა და ჟურნალისტებს.
„რადგან ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ თავისი მოქალაქეები საქმის კურსში უნდა ჩააყენოს თუ რა ხდება“, – განაცხადა გრეგოროვამ.
ევროპარლამენტამა საპროტესტო აქციების პერიოდში პარლამენტთან აღმართულ „კედელს“ სამარცხვინო უწოდა.
„იმედი მაქვს, რომ ჩემს კითხვასა და მოსაზრებას ობიექტურად შეაფასებთ რადგან მე იქ ვიყავი და ვესაუბრე პროსახელისუფლებო, არასამთავრობო მხარეს და პროტესტის მონაწილეებსაც. მე არ მაქვს ინფორმაცია მათ მიერ პარლამენტის ბლოკირებასთან დაკავშირებით. პარლამენტმა თვითონ დაბლოკა პარლამენტი თავისი სამარცხვინო „თბილისის კედლით“, თუმცა ეს მხოლოდ შენიშვნაა. მინდა გკითხოთ – როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან და ევროკავშირთან როგორც არასდროს, გგონიათ რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიები გეთანხმებიან?“- განაცხადა ევროპარლამენტარმა მარია გრიგოროვამ.
ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ანა ფოტიგა:
„საბედნიეროდ, ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან ფხიზელია და ესმის ეს სიტუაცია ისევე, როგორც თქვენ. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტში მოსკოვის იდეოლოგისთვის სიტყვით გამოსვლის ნების დართვამ საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ასევე მგონია, რომ მეტი დაკავებული რუსეთს აძლიერებს და მინდა მოვისმინო თქვენი სცენარი დეესკალაციისთვის და ასევე დაკავებულთა და პატიმართა სტატიტიკა ამ პროტესტის შემდეგ“
ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი მიჰაელ გალერი:
„საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი ყოველთვის ურყევი მხარდაჭერა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა თქვენს ვალდებულებების შესრულებასთან ერთად უნდა ხდებოდეს. ვფიქრობ, დღეს ცდილობთ შემოგვასაღოთ საარჩევნო სისტემის ჩავარდნა, როგორც შიდაპარტიული დემოკრატიის მაღალი დონე „ქართულ ოცნებაში“. როგორც ცნობილია, რამდენიმე წევრმა „ქართლი ოცნება“ დატოვა. გულახდილად თქვით, არ იყო ისე, რომ ბატონი ივანიშვილი ამბობდა, მოდით შეცვალეთ, მაგრამ სინამდვილეში, კულისებს მიღმა აწყობდა მისი ჩავარდნის სცენარს? თუ თქვენ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ ეს“
სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრი, რაფაელ გლუქსმანი:
„ჩემი შეკითხვა შეეხება დროში უცნაურ დამთხვევას ოპოზიციის წევრების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე. ვგულისხმობ, რომ თქვენ გაქვთ კრიზისი და ამ დროს ბატონი მელიას, ბოკერიას და ოპოზიციის ბევრი ლიდერის წინააღმდეგ იწყება ხელახალი გამოძიება და მათ იბარებენ პროკურატურაში. ჩემი კითხვა ასევე შეეხება მედიას – ყველამ ვიცით ეპიზოდი „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით. როგორც კი ნიკა გვარამიამ, რომელიც წარსულში ხელძღვანელობდა ამ არხს, ახალი ტელევიზიის გახსნა დააანონსა, მის წინააღმდეგ ისევ დაიწყო გამოძიება. ამიტომ, რა თქმა უნდა, გვაქვს სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებას იწყებთ, როცა პოლიტიკური პრობლემები გაქვთ“.
ევროპელი ხალხის პარტიის წევრი რასა იუნკიავიჩენე:
„ეს წელი საქართველოსთვის იქნება დემოკრატიის ტესტი. ჩვენ ყურადღებით გაკვირდებით. თქვენ გყავთ ბევრი ევროპელი მეგობარი ევროპარლამენტში, არა ერთი, ან მეორე პოლიტიკური პარტიის მეგობრები არამედ საქართველოს მეგობრები. ჩვენი შეშფოთება კვლავ ეხება ჩააბარებს, თუ არა მმართველი პარტია დემოკრატიის გამოცდას. ვწუხვარ, რომ ვამბობ, მაგრამ ჩემთვის იყო ცუდი მოსასმენი, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს, ან ჩივის ცუდი ოპოზიციის შესახებ. ეს არ არის დემოკრატიის წესები. როდესაც ჩვენ ვხედავთ თავდასხმას ოპოზიციაზე, არასამთავრობოებზე, მედიაზე, დემონსტრანტებზე, ეს თქვენ, საქართველოს არ დაგეხმარებათ ახალი მეგობრები იპოვოთ ევროპარლამენტში. ვერ დაარწმუნებთ მეტ ხალხს, რომ მხარი დაგიჭირონ“.
ევროპელი ხალხის პარტიის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი:
„თქვენი პარტიების ლიდერები დამპირდნენ, რომ საარჩევნო სისტემაში პროპორციული ელემენტები იქნებოდა, ასე რომ, გადაეცით ჩემი სურვილი – მე კვლავ ველოდები, როდის დადგება ეს შედეგი, რადგან ამ შედეგის გარეშე თქვენი არჩევნების მიმართ საერთაშორისო ნდობა ძალიან ლიმიტირებული იქნება. შეგიძლიათ, მითხრათ, არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?“
ევროპარლამენტართა კრიტიკულ შეკითხვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ უპასუხა. მისი თქმით, დეპუტატთა შეკითხვებმა აჩვენა, რომ მათ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია აქვთ გარკვეულ საკითხებზე და მისივე თქმით, მოხარული ინქებოდა თუ მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობაც ექნებოდა ევროპარლამენტის წინაშე.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს, წარმოდგენილი იყო ხედვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც არაკონსტიტუციურად იყო მიჩნეული. ჩვენი ხედვებიც წარმოვადგინეთ და მათ პასუხს ველოდებით. კონსენსუსი ნიშნავს, რომ ორივე მხარე უნდა მივიდეს შეთანხმებამდე და დასთანხმდეს გარკვეულ პრინციპებს… პროპორციული წესით არჩევნები 2024 წლიდან იქნება შესაძლებელი.
არასწორია ინფორმაცია ათეულობით ათასი ადამიანის პროტესტის შესახებ. ნამდვილად იყვნენ პატრიოტი ახალგაზრდები, რომლებიც გამოვიდნენ ქუჩებში, როდესაც ნახეს რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, მაგრამ ჩვენ ყველას გვახსოვს მოგვიანებით ოპოზიციური ლიდერების მცდელობა, რომ ყველასთვის ეთქვათ და დაეძალებინათ, რომ პარლამენტის შენობას თავს დასხმოდნენ. ამას ფაქტებზე დაფუძნებით ვამბობ. ბევრი რამე ითქვა და საკმარისი დრო არ მაქვს პასუხების გასაცემად, მაგრამ ნებისმიერ ფორმატს გამოვიყენებ, რომ წარმოგიდგინოთ მტკიცებულებები, რომლითაც ჩვენი პოზიციები გამყარებულია”, – განაცხადა კახა კუჭავამ.