ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

პოლონელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა ეხმაურება „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუასთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთას და პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოიუწოდებს.

„ საქართველოს ბევრი მეგობარი მედიამფლობელ გიორგი რურუას დაკავებას და ახლა უკვე სასჯელს პოლიტიკურად მიიჩნევს. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, როგორც ეს სხვა ფიგურებთან მიმართებით მოხდა 8 მარტის შეთანხმების მიხედვით. ეს გააუმჯობესებს კლიმატს წინა საარჩევნოდ“, – წერს ფოტიგა twitter-ზე.


დღეს „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ, პოლიტიკური დევნის საფუძველზე, მას იარაღი ჩაუდეს.


ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა, ე.წ. 8 მარტის შეთანხმების. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციის წარმომადგენლები გიორგი რურუას გათავისუფლებასაც მოითხოვენ.