„აღშფოთებული ვარ მისი განცხადებით და პირადად მე მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მეგობრობაზე, ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. კეთილ ინებოს, ჯერ შეისწავლოს და მერე ილაპარაკოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა დღეს გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიტველი დეპუტატების არშეშვებაზე.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრს „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჟურნალისტმა ჰკითხა ევროპარლამენტარისა და ლიტველი დეპუტატების გლდანის დაწესებულებაში არშეშვების შესახებ, რაზეც სოზარ სუბარმა ასე უპასუხა:
„200-მდე ვიზიტორი ჰყავდა სააკაშვილს და ნამდვილად არ არის ციხე სასტუმრო, რაღაც წესები უნდა დავიცვათ. რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, მართლა არ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩამოდიოდნენ, მიდიოდნენ ვანო მერაბიშვილთან, უგულავასთანაც. ჩვეულებრივად ნახულობდნენ… მაგრამ როდესაც ადამიანი [ანა ფოტიგა] აცხადებს, რომ არ იყო სამართლიანი სასამართლოს პირობები დაცული და არის პოლიტპატიმარი და რაღაცა… მე, ამ შემთხვევაში, ჩემს მოსაზრებას ვამბობ, ვინაიდან რითი იხელმძღვანელა იუსტიციის სამინისტრომ მართლა არ ვიცი, ამაზე კონსულტაციები მართლა არ გვქონია…“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მოუწოდა ჯერ საქმის მასალები შეისწავლოს და განცხადებები მერე გააკეთოს. მისივე თქმით, „ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში“.
„ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი [ანა ფოტიგა] ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლო არ იყო, ჯერ აიღოს საქმის მასალები, გაეცნოს განაჩენსაც, მასალებსაც, ჩვენებებსაც, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომელ საქმეზეც ერთ-ერთი განაჩენი დადგა – გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეს ვგულისხმობ, და მერე გააკეთოს განცხადებები. საქართველო არის სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს ჩვენი გარკვეული ღირსება და მართლა არ შეიძლება ასე გავთელოთ ეს ღირსება ყოველი ფეხის ნაბიჯზე იმიტომ, რომ ვიღაცას ასე სურს და ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში“, – განაცხადა სუბარმა.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრს ჟურნალისტმა ჰკითხა, შეიძლებოდა, თუ არა, რომ ანა ფოტიგა გლდანის დაწესებულებაში განსხვავებული შეხედულებებისა და განცხადებების გამო არ შეეშვათ:
„არ ვიცი, მაგრამ მე აღშფოთებული ვარ მისი განცხადებით და პირადად მე მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მეგობრობაზე, ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. კეთილ ინებოს, ჯერ შეისწავლოს და მერე ილაპარაკოს. ევროპარლამენტში არის ძალიან ბევრი პარლამენტარი და დარწმუნებული ვარ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა განსხვავებულ აზრზეა ამ საქმესთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე რამდენიმე ადამიანი აკეთებს ამ ტიპის განცხადებებს და არა სხვები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას და ლიტველ პარლამენტარებს დღეს შესაძლებლობა არ მიეცათ, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოენახულებინათ.
„უარი არ უთხრეს, მაგრამ პასუხი არ გასცეს, რაც თავისთავად ნიშნავს უარს, ანუ ისინი ვერ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს და ამაზე არანაირი განმარტება არ გაუკეთებიათ“, – განაცხადა სამადაშვილმა.