ევროპარლამენტარი: მარნეულში იყო გაყალბების ფესტივალი, მთელი პალიტრა

პუბლიკა

ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ, რომელიც საქართველოში არჩევნებს ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ფარგლებში აკვირდებოდა, ერთ-ერთ ფრანგულ გადაცემაში იმ დარღვევებზე ილაპარაკა, რომლებიც აქ თავისი თვალით ნახა და აღბეჭდა.

ნატალი ლუაზოს თქმით, ის აკვირდებოდა არჩევნებს თბილისის გარეუბანსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში.

რაც შეეხება დარღვევებს, ლუაზოს თქმით, მან მარნეულში ნახა დაშინება, გაყალბება, ხმების ყიდვის შემთხვევები.

„ეს იყო გაყალბების ფესტივალი“, – თქვა ნატალი ლუაზომ.

– თქვენ ეს-ესაა დაბრუნდით საქართველოდან, სადაც საკანონმდებლო არჩევნებზე დამკვირვებელი იყავით. ამბობთ, რომ იყო გაყალბებები, დაშინებები. აგვიხსენით, რას ნიშნავს ეს, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი?

– გაყალბებების მთელი პალიტრა ვნახე. მე ვაკვირდებოდი 10 საარჩევნო ოლქს. ვიყავით 500-მდე დამკვირვებელი. მე ვიყავი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ასევე ვაკვირდებოდი პროცესს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით. მარნეულში იყო გაყალბებების ნამდვილი ფესტივალი.

– ფესტივალი, გაყალბებების?

– კი, გაყალბებების. კი, ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, როგორც ძველ დროში ხდებოდა ხოლმე. „ქართული ოცნებიდან“ ერთი კაცი მოვიდა, უბნის თავმჯდომარე, რომელმაც მოიტანა „ქართული ოცნების“ ბიულეტენების შეკვრა და ტენიდა ურნაში. თან აწვებოდა მთელი ძალით, იმიტომ, რომ ბიულეტენი აღარც კი ეტეოდა, იმდენს ყრიდა ყუთში.

– ამას აკეთებს დამკვირვებლების წინ?

– ეს სამოქალაქო ორგანიზაციის დამკვირვებლის თვალწინ, მე ამ დროს გარედან უკან შემოვდიოდი, რომელიც ამ ყველაფერს იღებდა, მას პირდაპირი მნიშვნელობით ახრჩობდნენ და ხელში შემრჩა ახალგაზრდა კაცი კისერზე სიწითლეებით. წარმოუდგენელი არეულობა და გაუგებრობა იყო, ხმების ყიდვა.

– ჩვენ ეს ვნახეთ და გადავიღეთ. უბნის გარეთ, იქვე იჯდა ხალხი დიდ მაგიდებთან, აქ გთავაზობდნენ ჩაის, მაგიდის ქვეშ კი ხმებს ყიდულობდნენ, მას შემდეგ, რაც მისცემდით ხმას და გექნებოდათ თქვენი ბიულეტენისთვის ფოტო გადაღებული.

იყო დაშინება, იყო ბევრი კრიმინალი, რომელიც ქართული ციხეებიდან გამოუშვეს და ვინც უბნების წინ იდგნენ; განგსტერები, ვისთან დაპირისპირებაც არავის სურს და რომლებსაც ჰქონდათ იმ ადამიანების სიები, ვინც მოვიდა ან არ მოსულა არჩევნებზე. როცა ოჯახი სრული შემადგენლობით არ იყო მოსული, ისინი ურეკავდნენ ოჯახის წევრებს და ეკითხებოდნენ – „რას აკეთებთ? უბნებზე არ გვინახიხართ” და ა.შ. ეს ხდებოდა ჩვენს თვალწინ, ვერც წარმომიდგენია, რა ხდებოდა მაშინ, როცა იქ არ ვიყავით. ასევე ბევრ ქართველს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა და ხალხი ხმის მისაცემად სხვების პირადობის მოწმობით მიდიოდა.