ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მოძრაობა „დროას“ ტვიტი გააზიარა, რომელშიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებაა საუბარი და დაწერა, რომ ბრალდებები სერიოზულია, რასაც განმარტება სჭირდება.
„ვფიქრობ, ძალიან სერიოზული ბრალდებებია და ამ ცნობებს კიდევ უფრო და უფრო მეტი წყაროსგან ვიღებ. იმედი მაქვს, განმარტავენ, რატომ არ უშვებენ პანსიონში ომბუდსმენს და გამოძიება დაუყოვნებლივ ჩატარდება. ეს ბავშვებს ეხება და არა პოლიტიკას“, – წერს ევროპარლამენტარი.
I do think this is a very serious accussation and I am hearing about it from more and more sources. I hope that explanation on why Ombudsman is not being let into the Orhpanage and an investigation will take place immediately. This is about children, not politics. @GovernmentGeo? https://t.co/ByyoD1QEUb
— Markétka Gregorová (@MarketkaG) June 4, 2021
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, მათი შესვლის დროს ნინოწმინდის პანსიონში იყო 53 ბავშვი, 6 ბავშვი გამოიყვანეს და ამჟამად რჩება 47 ბავშვი, რომელთაგან კიდევ 10-თან გრძელდება მუშაობა.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2 ივნისს გაავრცელა განცხადება ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.
სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ ეძლევათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.
7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.