ევროპარლამენტი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეზღუდვას მოითხოვს - ევროპარლამენტარების განცხადება

პუბლიკა

წამყვანი ევროპარლამენტარები საქართველოში დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებაზე განცხადებას ავრცელებენ. 7 ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება აკრიტიკებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ ვერ შეძლეს კომპრომისზე წასვლა და შეთანხმების მიღწევა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებს ევროკავშირისგან შედეგები მოჰყვება. მათ შორის, ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეზღუდვას, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებს აღარ უნდა ჰქონდეთ ევროკავშირთან ძველებურად ურთიერთობის გაგრძელების იმედი. „პუბლიკა“ ევროპარლამენტარების განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების უუნარობით, რომ სამშაბათს მიეღწიათ შეთანხმებისთვის. მიუხედავად ევროკავშირის ყველანაირი მცდელობისა, დახმარებოდა მათ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში. იმ შედეგში, რაც დადგა, დამნაშავეა როგორც მმართველი გუნდი, ისე მოლაპარაკებაში მონაწილე წამყვანი ოპოზიციური პარტიები, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ ძალას.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას კრისტიან დანიელსონის დაუღალავი მუშაობისადმი და მივესალმებით მის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტს, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ აქტორებს შორის ნდობის აღდგენა. ამ შეთავაზების შინაარსი კი საქართველოს მომავლისთვის სწორ გზას ემსახურებოდა: ამბიციური საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმები, საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის შინაარსობრივი გადანაწილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოსავალი მომავალ არჩევნებსა და პოლიტიკური მართლმსაჯულების ორ შემთხვევაზე.

ეს გამოსავალი არის პოლიტიკურად დაბალანსებული და თანხვედრაშია როგორც კანონის უზენაესობასთან, ისე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებასთან. ჩვენ ასევე მივესალმებით „ჟან-მონეს დიალოგის“ იდეას ევროპარლამენტისგან, როცა პოლიტიკური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს.

პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ ქართველი პოლიტიკოსები აღარ უნდა მოელოდნენ ევროკავშირთან საქმიანობის ძველებურად გაგრძელებას. ევროპარლამენტი უშუალოდ მოითხოვს შედეგებს ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მათ შორის, შემდგომში გამოსაყოფ თანხებსა და დახმარების პირობებთან დაკავშირებით ევროკავშირის მაკროფინანსური მხარდაჭერისა და საბიუჯეტო დახმარების პროგრამებში.

ამავდროულად, მიმდინარე საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების დამტკიცებას საქართველოს პარლამენტში ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა და ეუთო/ODIHR-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული იმპლემენტაცია სჭირდება.

ეს რეფორმები ნდობის აღდგენის გასაღებია. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ უზრუნველყოს ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან აიცილოს მომდევნო არჩევნებისა და მართლმსაჯულების დამატებითი დაზიანება. ასევე, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ კარის დახურვისგან სამომავლოდ შეთანხმების შესაძლებლობისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, იმოქმედონ დაუყოვნებლივ. საქართველო-ევროკავშირის მომავალი სასწორზეა“, – ნათქვამია წამყვანი ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

დევიდ მაკალისტერი

მარინა კალიურანდი

ანდრიუს კუბილიუსი

ვიოლა ფონ კრამონი

სვენ მიკსერი

მაიკლ გალერი

პეტრას აუსტრევიჩუსი