ევროპარლამენტის არჩევნები - წინასწარი შედეგები

პუბლიკა

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტია“ 186 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მეორე ადგილზეა „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ 133 მანდატით, 82 მანდატით – განახლებული ევროპა, 70 მანდატით – ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმერთა გუნდი, 60 მანდატით – იდენტობის და დემოკრატიის გუნდი, 53 მანდატით – მწვანეები, 36 მანდატით – მემარცხენე ჯგუფი, 50-50 მანდატით კი სხვა წევრები.

ეგზიტპოლების მიხედვით, არჩევნებში ყველაზე მეტი წინსვლა მემარჯვენე პარტიებს ჰქონდათ, დანაკარგი ჰქონდა მწვანეებს და „განახლებულ ევროპას“.

წინასწარი მონაცემებით, გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო მემარჯვენე-ცენტრისტულმა „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“.

საფრანგეთის არჩევნებში მარი ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა და დაამარცხა კოალიცია, რომელშიც პრეზიდენტ მაკრონის პარტიაც შედიოდა. ამის შემდეგ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და არჩევნები დანიშნა.

ესპანეთის არჩევნებში „სახალხო პარტია“ ლიდერობს; პოლონეთში – კანონი და სამართლიანობა“; რუმინეთში – „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ და „ნაციონალურ-ლიბერალური პარტიის“ ალიანსი; ნიდერლანდებში – მემარჯვენე „თავისუფლების პარტია“; საბერძნეთში ლიდერობს „ახალი დემოკრატია“; პორტუგალიაში – „დემოკრატიული ალიანსი“; შვედეთში – სოციალ-დემოკრატები; ავსტრიაში – ულტრამემარჯვენე „ავსტრიის თავისუფლების პარტია“; ბულგარეთში – კოალიცია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“; დანიაში – სოციალისტური სახალხო პარტია; ხორვატიაში – ხორვატიის დემოკრატიული კავშირი; კვიპროსში – „დემოკრატიული განგაში“, ხოლო მალტაში – „ნაციონალისტთა პარტია“.

სხვა ქვეყნებიდან შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არაა.