ევროპარლამენტის კომიტეტზე საქართველოს საკითხი განიხილეს — რა განცხადებები გაკეთდა

პუბლიკა

დღეს, 19 მარტს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.

დეპუტატებს და სხდომის დამსწრე სხვა პირებს სიტყვით მიმართა ჟურნალისტმა გურამ როგავამ, რომელსაც 2024 წლის 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციის გაშუქების დროს პოლიციელი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

როგავას მიმართვის შემდეგ გაკეთდა განცხადებები.

დარბაზს სიტყვით მიმართა პოლიტიკის მკვლევარმა, ბრიუსელში მომუშავე ორგანიზაცია „ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ (CEPS) წარმომადგენელმა თინათინ ახვლედიანმა.

მან მიმოიხილა საქართველოში არსეუბლი მდგომარეობა, ისაუბრა ორგანიზაციების , ჟურნალისტების და პოლიტიკოსების რეპრესიებსა და დევნაზე და თქვა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, არა დემოკრატიული უკუსვლა, არამედ სახელმწიფოს მიტაცებაა.

„ის, რასაც საქართველოში ვხედავთ, აღარ არის მხოლოდ დემოკრატიული უკუსვლა, ეს „სახელმწიფოს მიტაცებაა“ და ეს ერთ ღამეში არ მომხდარა. დემოკრატიული უკუსვლა და არაფორმალური მმართველობის ზრდა დაიწყო ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ მთავრობის პირველი ვადის დროს. ეს იყო თანდათანობითი, მაგრამ ძალიან სისტემური და მყარი პროცესი. ასე რომ, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მთავრობამ დაშალა დემოკრატიის ძირითადი სვეტები. სწორედ ამ ნელმა ეროზიამ მოგვიყვანა აქამდე, მიტაცებულ სახელმწიფომდე, როგორსაც დღეს ვხედავთ საქართველოს“, – თქვა ახვლედიანმა.

მისი განცხადებით, „ეს ტრაექტორია ფუნდამენტურად შეუთავსებელია იმ ევროპულ გზასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აბსოლუტური უმრავლესობით ირჩევდა და ირჩევს დღესაც“.

ახვლედიანის თანახმად, დამიანის უფლებების ასე დარღვევა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში საფრთხეს უქმნის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაც.

„დიახ, ევროკავშირმა იმოქმედა [იგულისხმება სავიზო რეჟიმის დაწესება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის], მაგრამ მთავარი კითხვაა, იყო თუ არა ეს ქმედება საკმარისი? მიაღწია თუ არა ამ ქმედებამ მიზანს? ვიყოთ მკაფიონი: რა არის ევროკავშირის ქმედების მიზანი საქართველოში არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად? თუ მიზანი იყო ქვეყნის დაბრუნება ევროპულ გზაზე, მაშინ პასუხი ცალსახად არის – არა, რადგან ქვეყანა არ დაბრუნებულა ევროკავშირის ტრაექტორიაზე. პირიქით, ის სულ უფრო წინ მიიწევს და შორდება კანდიდატი ქვეყნის „საშინაო დავალების“ შესრულებას და იმ ევროპული ღირებულებების დაცვას, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების საფუძველია. იმას, რაც ევროკავშირმა აქამდე გააკეთა, არ შეუცვლია ქვეყნის კურსი და არც პოლიტიკური გათვლები“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მიზეზად მან დაასახელა ის, რომ ევროკავშირი სანქციებს არ უწესებს ბიძინა ივანიშვილს – ოლიგარქს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და „რომელიც დემოკრატიული ფასადის მიღმა კარნახობს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას“. ახვლედიანმა ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვიცით, რაზე რეაგირებენ ოლიგარქები და რისი ეშინიათ მათ  სანქციების. და სწორედ აქ უნდა გააკეთოს მეტი ევროკავშირმა – უნდა დააწესოს მიზანმიმართული ინდივიდუალური სანქციები ამ ოლიგარქის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ასევე „ქართული ოცნების“ იმ ოფიციალური პირების, პოლიტიკური აქტორების, მოსამართლეების, სამართალდამცავებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სახელმწიფოს მიტაცებასა და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე“, – თქვა თინათინ ახვლედიანმა და დასძინა, რომ თუ ევროკავშირს არ შეუძლია ერთსულოვნების მიღწევა ამ საკითხზე, ქვეყნებს ინდივიდუალურად შეუძლიათ ამის გაკეთება.

მან ასევე წარმოადგინა სხვა ნაბიჯები, რაც ევროკავშირმა უნდა გადადგას:

„როგორც ეს ეუთოს ბოლო ანგარიშშია ნათქვამი (მოსკოვის მექანიზმი), რომის სტატუტის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ საქართველოში არსებული სიტუაციის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი მტკიცებულებების ფონზე.

მესამე: სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული აქტორების მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაიზარდოს. ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ გაყინული თანხების ნაწილი გადამისამართდებოდა სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიაზე, მაგრამ ჯერჯერობით ამის მექანიზმები არ არსებობს. ეს უნდა შეიცვალოს. ევროკავშირს აქვს ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში საზოგადოების მხარდაჭერის გამოცდილება და მან ახლა ეს გამოცდილება უნდა გამოიყენოს საქართველოს დემოკრატიის ხერხემლის – სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. და ევროკავშირმა ეს სწრაფად უნდა გააკეთოს. ვფიქრობ, საკმარისად დიდხანს ველოდეთ.

მეოთხე: ევროკავშირმა უნდა განაგრძოს მკაფიო გამიჯვნა მთავრობასა და ხალხს შორის. ევროკავშირი ამას აკეთებდა თავის გამოსვლებში და უნდა გააგრძელოს კიდეც. ქართველი ხალხი რჩება აბსოლუტურად პროევროპული. ისინი ქუჩებში დგანან და იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს ძალიან მაღალი პერსონალური ფასის სანაცვლოდ. ჩვენ ვნახეთ ძალადობა. ჩვენ მოვუსმინეთ გურამ როგავას. ჩვენ ვნახეთ ნაცემი, დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელიც გასულ წელს სახაროვის პრემიით დაჯილდოვდა. მათ შორის ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც დღემდე ციხეში რჩებიან, სტუდენტები, მშვიდობიანი მომიტინგეები და მოქალაქეები. დღეს საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

მთელი ამ მსხვერპლის შემდეგ, ქართველი ხალხი არ იმსახურებს დავიწყებას და საქართველო არ უნდა იქნეს დავიწყებული. რადგან, საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს ეხება იმ ღირებულებების დაცვას, რომლებზეც აგებულია ევროკავშირი. ეს ეხება ევროკავშირის გაფართოების ხედვას. ეს ეხება ევროკავშირის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში.

ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქამდე გატარებული ზომები ჰგავს დისტანცირებას და საქართველოზე ხელის დაბანას. ეს კი არ არის ის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს“, – თქვა თინათინ ახვლედიანმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის (EEAS) წარმომადგენელმა აიმერიკ დიუპონმა ევროპარლამენტში, ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე ისაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ყურადღება სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიების და ოპოზიციური პარტიების დევნაზე გაამახვილა.

აიმერიკ დიუპონმა თქვა:

„4 მარტს მიღებულმა კანონმა, რომელიც ზღუდავს უცხოურ დაფინანსებასა და პოლიტიკურ საქმიანობას, აჩვენა ხელისუფლების მიერ კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების აშკარა უგულებელყოფა. ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფართო სისტემას, პოტენციურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც დახმარებას საზღვარგარეთიდან იღებენ. ჩვენი შეფასებით, ამ კანონის ბუნდოვანი დებულებები სამართლებრივი გაურკვევლობის წყაროა, რაც თავისთავად ქმნის თვითნებური ან სელექციური აღსრულების დიდ რისკს. როდესაც ამ კანონმდებლობას განიხილავთ ბოლო წლებში მიღებულ სხვა კანონებთან ერთად, როგორიცაა კანონები „უცხოური გავლენის“ შესახებ, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ თუ კანონი მაუწყებლობის შესახებ, სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში ახლა სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის და მედიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შემზღუდველი და სახიფათო გარემოა მთელ ჩვენს სამეზობლოში.

სამწუხაროდ, მიუხედავად არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებისა კურსის შეცვლისკენ, საქართველოს ხელისუფლება კვლავ უარყოფს ყოველგვარ გადაცდომას და ეუთოს ბოლო ანგარიშსაც პოლიტიკურად მიკერძოებულად მიიჩნევს. ეს ასახავს საერთაშორისო კრიტიკის ტოტალური უარყოფის ფართო ტენდენციას, რაც ვიხილეთ გაფართოების ანგარიშის თუ ვენეციის კომისიის სამართლებრივი დასკვნების გამოქვეყნების დროსაც“.

აიმერიკ დიუპონმა ხაზი გაუსვა რეპრესიულ კანონმდებლობას და აღნიშნა ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების მხარდაჭერის მნიშვნელობა.

„ეს აუცილებელია, რათა მათ შეძლონ მუშაობის გაგრძელება, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევების დოკუმენტირება და იმ გადაცდომების მტკიცებულებების შენახვა, რომლებიც ამჟამად ხდება, რათა მომავალში შესაძლებელი იყოს პასუხისმგებლობის დაკისრება“, – განაცხადა დიუპონმა.

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, საქართველოს შესახებ მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიანემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს არასდროს სურდა, საქართველო ევროკავშირის წევრი გამხდარიყო.

„მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ეს საქართველოში, რადგან ჩვენთვის გაკვეთილების სწავლა უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შეიძლება „მიტაცებული“ აღმოჩნდეს, როგორც ეს, სამწუხაროდ, იქ მოხდა. ჩემი შეფასება ასეთია: ბიძინა ივანიშვილს არასოდეს სურდა საქართველოს გაწევრება ევროკავშირში 2012 წლის პირველივე არჩევნებიდან, როდესაც მისმა პარტიამ გაიმარჯვა. ის იმიტომ დაბრუნდა რუსეთიდან იქ ნაშოვნი მილიარდებით, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეეცვალა. მისი და კრემლის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა: მიტაცებული სახელმწიფო და ავტოკრატიული მმართველობა, ისეთივე, როგორსაც ბელარუსსა და რუსეთში ვხედავთ“, – განაცხადა იუკნევიჩიანემ.

მისი თქმით, „ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ კრემლის წარმატებაცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

იუკნევიჩიანეს განცხადებით, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მანიპულირებდნენ, როცა საჯაროდ ამბობდნენ, რომ ევროკავშირის წევრობა სურდათ, რეალურად კი საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამდნენ.

„ევროკავშირის პოლიტიკა 2024 წლის არჩევნებამდე, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას ცდილობდა, შესაძლოა აუცილებელი იყო, მაგრამ როგორც ახლა ვხედავთ, შეცდომა აღმოჩნდა. ზუსტად ისევე, როგორც შეცდომა იყო პუტინთან თანამშრომლობა 2022 წლამდე“, – განაცხადა დეპუტატმა და საძინა, რომ კარგია, რომ ახლა ევროკომისია რეალურ სურათს ხედავს და ეს ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშში აისახა.

რასა იუკნევიჩიანემ ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის წევრი მსხვილი ქვეყნები, რომლებსაც, მისი თქმით, აქვთ ძალა, გავლენა მოახდინონ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ამავე დროს, მან დადებითად შეაფასა ის, რომ საქართველოს საკითხი განიხილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე.

„ეს კარგი გზავნილია. ველი გარკვეულ შედეგებს, სულ მცირე, დამოკიდებულების შეცვლას და შესაძლოა სანქციების დაწესებასაც იმათ მიმართ, ვინც ამაზე პასუხისმგებელია. ყველაფერი აისახება ჩვენს ანგარიშში, რომელზე მუშაობაც ახლა დავიწყეთ. ახლა შესწორებების დროა. ჩვენ მასში ყველაფერს ჩავწერთ, რაც რეალურ სიტუაციას ეხება. მაგრამ რა დაეხმარება ქართველ ხალხს? – ის, რომ რომ მათი ბრძოლა არ დავივიწყოთ“, – თქვა რასა იუკნევიანემ.

ევროკომისია გააკრიტიკა ესპანელმა დეპუტატმა ნაჩო სანჩეს ამორმაც იმის გამო, რომ ის არ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ სანქციები დაუწესოს. სანჩეს ამორის თქმით, ის, რომ სანქციებს უნგრეთი დაბლოკავს, სათანადო არგუმენტი არ არის. მან სასაცილო უწოდა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებასაც, ვინაიდან მათ შეუძლიათ, ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა არასაქმიანი მიზნებისთვის მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტით.

„ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით სერიოზულს არაფერს აკეთებს. ეს ხუმრობა დიპლომატიურ პასპორტებზე მხოლოდ სასაცილოა. ყველას აქვს მეორე პასპორტი. მე არ ვიცი, რა რეალური ზომები შეიძლება გატარდეს, რომ მათ სხვა პასპორტებით არ იარონ პარიზის მოდის კვირეულებზე ან არ ეწვიონ შვილებს საფრანგეთის ძვირადღირებულ კოლეჯებში.

ერთი წლის წინ ვიყავი საქართველოში და საზოგადოებას ვუთხარით, რომ ევროკავშირი მზად არის, შექმნას სია ადამიანებისა, რომლებსაც რეალური სანქციები დაუწესდებათ, რომლებიც ვერ შემოვლენ ევროკავშირში. ჩვენ ვიყავით ამის კომუნიკატორები, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ არსებობს იურიდიული პრობლემა, რომელიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული. ჩვენ ქართული საზოგადოების წინაშე დავდეთ პირობა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ არ მოხდა.

კითხვა ასეთია [ევროკომისიის მიმართ]: რატომ არ სთავაზობთ ევროპულ საბჭოს ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის სანქციების პაკეტს? გთხოვთ, ნუ მეტყვით, რომ ერთსულოვნება არ გაქვთ. ვიცი, რომ უნგრეთის გამო არ გაქვთ ერთსულოვნება, მაგრამ ამით მაინც გააგზავნით პოლიტიკურ გზავნილს, რომ საქართველო სრულიად იზოლირებულია და მხოლოდ უნგრეთის ფარი იცავს. გთხოვთ, გააკეთეთ ეს.

ეს კაია კალასსაც ვუთხარით. პასუხი ყოველთვის ერთია: „არ გვაქვს ერთსულოვნება“. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ.უნდა ვუჩვენოთ მსოფლიოს, რომ გაერთიანებულ სამეფოზე ნაკლები არ ვართ – მათ ეს გააკეთეს. მართალია, მათ არ სჭირდებათ ერთსულოვნება, მაგრამ წარადგინეთ სანქციების პაკეტი ევროპულ საბჭოში, რადგან ამის გაკეთება მხოლოდ უმაღლეს წარმომადგენელს შეუძლია, შემდეგ კი გამოდით და თქვით: „ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ დაგვბლოკა უნგრეთის ვეტომ“. ეს ბევრად სჯობს უმოქმედობას“, – თქვა ნაჩო სანჩეჩს ამორმა.

სხდომას ესწრებოდა ტიერი მარიანიც, რომელიც ევროპარლამენტში სხვადასხვა დებატებზე ხშირად გამოდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი განცხადებებით. მას აქტიურად ციტირებენ პროპაგანდისტული მედიები. მარიანი არალეგალურ არჩევნებზე დამკვირვებლად ჩადიოდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და დონბასში.

დეპუტატმა დღესაც დაუჭირა მხარი „ქართული ოცნებას“ და თქვა, რომ 6 თვის განმავლობაში ქვეყნის შესახებ მიღებული 9 რეზოლუცია შეიძლება მასზე თავდასხმადაც შეფასდეს.

„თუ ხელახალი არჩევნების ჩატარება მოვითხოვეთ ყოველ ჯერზე, როცა ქვეყანა პირობას დაარღვევს, ბევრი სამუშაო გვექნება“, – თქვა ტიერი მარიანიმ.

სხდომას დაესწრო ჟან ბატისტ ლე ბრა, რომელიც ევროკომისიაში გაფართოების მიმართულებით უშუალოდ საქართველოს საკითხზე მუშაობს. მან მიმოიხილა ქვეყანაში არსებული ვითარება და გაიმეორა ის ზომები, რაც ევროკავშირმა საპასუხოდ გადადგა:

„შემცირდა პოლიტიკური კონტაქტები, შეჩერდა ასოცირების შეთანხმების ორგანოების შეხვედრები, ასევე შეჩერდა დახმარება, რომელიც სარგებელს მოუტანდა უშუალოდ ხელისუფლებას. სულ ახლახან კი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს იმ ძირითადი პრინციპების შელახვას, რომლებზეც ვიზალიბერალიზაციაა დაფუძნებული, 6 მარტს კომისიამ, ვიზის შეჩერების გადახედული მექანიზმის ფარგლებში, თავდაპირველად 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს.

თავისი ქმედებებით საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობას და, სამწუხაროდ, საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ გზას – მიზანს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს“, – განაცხადა ჟან ბატისტ ლე ბრამ.