ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

პუბლიკა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც ისევ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობას მხარი 370-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 282-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალი შემადგენლობა 26 ევროკომისრისგან შედგება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჯოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი კი სლოვენიელი მარტა კოსი იქნება. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ჯანდაცვის კომისრის პოსტს დაიკავებს.

ირლანდიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი მაიკლ მაკგრატი იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის მომავალი კომისარი იქნება, ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი კი ევროკავშირის თავდაცვის კომისარი გახდება.

ევროკომისიის ახალი შემადგენლობა მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.