ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც მზია ამაღლობელის გათავისუფლებაა მოთხოვნილი

პუბლიკა

„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელისა და საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ ევროპარლამენტში დღეს რეზოლუციას უყარეს კენჭი. 324-მა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის მხარდაჭერით მოითხოვა მზია ამაღლობელისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

სხდომას ესწრებოდა 436 დეპუტატი, 25-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო თავი შეიკავა – 87-მა.

ერთობლივ ტექსტში „ოცნების“ რეპრესიული კანონების შეფასებისას აღნიშნულია, რომ ეს არის „ქართული ოცნების” ავტორიტარული სტრატეგია კრიტიკული ხმების ჩასახშობად. ამასთან, ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად გაანადგურა დარჩენილი დამოუკიდებელი მედია და საინფორმაციო სივრცე მთლიანად დომინირებულია მთავრობასთან დაკავშირებული მედიების მიერ, რომელიც რუსული ტიპის პროპაგანდასა და ანტიევროპულ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

მზია ამაღლობელის საქმეზე კი ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ უგულებელყო სამართლებრივი პროცედურები, მას წინასწარი პატიმრობა მკაფიო იურიდიული საფუძვლის გარეშე შეუფარდა, რაც სახალხო დამცველმაც გააკრიტიკა, ხოლო მისი საქმე მიაბარა მოსამართლეს, რომელსაც არ გააჩნია სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია.

ამასთან, დღეს ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაში დაამატეს შესწორება, რომელიც ეხება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ 5 უფლებადამცველ ორგანიზაციისთვის ინფორმაციების გამოთხოვის მოთხოვნას.

საბოლოო რეზოლუციას დაემატა ტექსტი, რომ:

„ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის ბოლო ტალღასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა იმით, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა, მათ შორის ანტიკორუფციულმა ბიურომ, მოითხოვეს დეტალური ფინანსური, იურიდიული და ოპერატიული ინფორმაციის წარდგენა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ეს მხოლოდ სამი სამუშაო დღის ვადაში.

ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი მოთხოვნა თავიდანვე განუხორციელებელია და ქმნის საფრთხეს, რომ პარალიზებული გახდეს მიზანში ამოღებული ორგანიზაციების საქმიანობა და შეჩერდეს მათი აქტივობები”.