ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრა, რომ ის მათი აგენტია - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა და გვითხრა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„მე რამდენიმე დღის წინ განცხადება გავაკეთე და ვთქვი, რომ ევროპარლამენტმა თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა, გვითხრა, რომ სააკაშვილი, ძალიან მარტივად რომ დავარქვათ სახელი ყველაფერს, არის მათი აგენტი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან. ეს ასე არ მოხდება. ჩვენ მათ და ჩვენს ძალიან ბევრ პარტნიორს ვუთხარით, რომ სააკაშვილმა ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

ისეთი, როგორიც არის გირგვლიანის მკვლელობა და ამ საქმეში მისი მონაწილეობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, ყოფილი დეპუტატის, რომელიც სიკვდილის პირას მიიყვანეს, ისე სცემეს, ტელეკომპანია „იმედის” მითვისება, კორუფციული ბრალდებები და ბოლოს, ახლა დაიმატა ამ ადამიანმა, უკანონოდ შემოიჭრა ქვეყანაში, საზღვრის უკანონო კვეთა. აი, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი გამოსავალი, არც სურვილი, რომ რაღაც კანონი დავარღვიოთ, არ არსებობს. ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ, ჩვენ ვერ დავარღვევთ კონსტიტუციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.