როგორც ევროპარლამენტის პრესრელიზში ვკითხულობთ, ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭრეს უვიზო მიმოსვლის უფლების გაუქმების გამარტივებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს ქმნიან ან გამოირჩევიან ადამიანის უფლებების დარღვევით.
საფუძვლები მოიცავს შიდა უსაფრთხოების საფრთხეებს (მათ შორის, შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულების ზრდას) და თავშესაფრის წარუმატებელი განაცხადების, შესვლაზე უარის თქმის ან ვიზების ვადის გადაცილებით დარჩენის მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდას.
ამასთან, რეფორმა შეჩერების ახალ საფუძვლებს ამატებს, კერძოდ: ჰიბრიდული საფრთხეები (მაგალითად, მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია); ინვესტორთა მოქალაქეობის სქემები (ე.წ. „ოქროს პასპორტები“), რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს; ევროკავშირის ვიზების პოლიტიკასთან შეუსაბამობა; გაეროს წესდების დარღვევა; საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები; და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის პრესრელიზში.
მექანიზმი ევროკომისიას საშუალებას აძლევს, უსაფრთხოების საკითხების არსებობის შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნისთვის სავიზო მოთხოვნები აღადგინოს – თავდაპირველად დროებით, გამოძიებისა და დიალოგის დაწყებამდე, შემდეგ კი, სამუდამოდ, თუ პრობლემები კვლავ აქტუალური დარჩება.
უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ვადა 9-დან 12 თვემდე გაიზრდება და შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 24 თვით (ნაცვლად დღეს მოქმედი 18 თვისა). ამ დროებითი შეჩერების ფაზაში ევროკომისია დაიწყებს დიალოგს მესამე ქვეყანასთან, რათა გადადგას ნაბიჯები იმ გარემოებების გამოსასწორებლად, რამაც შეჩერება გამოიწვია.
უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება შესაძლოა 3 წლით გაგრძელდეს და თუ გამოსავალი არ მოიძებნა, ევროკავშირს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სრულად გაუქმების შესახებ.
ასევე, პრესრელიზის მიხედვით, კანონი, ევროკავშირს მეტ მოქნილობას მისცემს, შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა მთავრობის ოფიციალურ პირებს, რომლებიც, შესაძლოა, პასუხისმგებლები იყვნენ მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
კანონმდებლობა პლენარულ სხდომაზე 518 ხმით 96 წინააღმდეგ დამტკიცდა, 24-მა ევროპარლამენტარმა კი თავი შეიკავა.
კანონი ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ.