ევროპარლამენტში საგაზაფხულო სესიების ფარგლებში, 9 მარტს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებსაც განიხილავენ.
ევროპარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მოხსენებას ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი გააკეთებს.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დასასწრებად ბრიუსელში გაემგზავრა საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს.
„ევროპარლამენტარები დაინტერესებულები არიან, როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები საქართველოში. შესაბამისად, მათი მოთხოვნით, ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, სამშაბათს დებატები დაეთმოს საქართველოს საკითხს და დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად იქნება.
ჩვენ ბუნებრივია, მივაწვდით იმ ობიექტურ სურათს, რომელიც ქვეყანაშია, იმ პროცესების შესახებ, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური დღის წესრიგი ევროკავშირთან.
ბუნებრივია, ჩემი მიზანია, ეს დღის წესრიგი განვიხილო ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან, ვიმსჯელოთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობაზე და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამ წუთას არსებული ვითარებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ, ვიმსჯელებთ იმ კომპრომისულ ვარიანტებზეც, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო გაჟღერებული და რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან ღია და გახსნილი მსჯელობა ჩვენს პარტნიორებთან, რათა მათი დახმარებით შევძლოთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა“, – ამბობს მაკა ბოჭორიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან.