ევროპარლამენტში აქციაზე ქიმიური აგენტების გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიება მოითხოვეს

პუბლიკა

ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური აგენტების გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიება მოითხოვეს.

გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა კოლეგებს მოუწოდა, უზრუნველყონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ.

კრემერმა თქვა:

„წარმოიდგინეთ ნივთიერება, რომელიც გიკრავთ სუნთქვას და გიწვავთ კანს და იწვევს სასტიკ ხველას და გულისრევას – არა მხოლოდ რამდენიმე წუთით, არამედ რამდენიმე დღის, კვირის, თვის განმავლობაში და როცა ცდილობთ, ჩამოიბანოთ, კიდევ უფრო მეტად გეწვით.

კოლეგებო, ეს კამიტის ეფექტებია – პირველ მსოფლიო ომში გამოყენებული ქიმიური იარაღის და დღეს დამოუკიდებელი მედიისგან ვიგებთ, რომ ის აქ, ევროპაში გამოიყენეს. რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.

რატომ? იმიტომ, რომ უკვე ერთ წელზე მეტია, ქართველები კვლავ ბედავენ მშვიდობიან პროტესტს დემოკრატიული მმართველობისთვის, კანონის უზენაესობისთვის, და რაც მთავარია, ევროპული მომავლისთვის.

თუ ეს ცნობები სიმართლეა და ამ რეჟიმმა მართლაც გამოიყენა ქიმიური იარაღი თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ მათ უარი თქვეს ყველანაირ ამბიციაზე, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები.

მაგრამ, კოლეგებო, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელი თავად საქართველოზე უნდა ავიღოთ. იმიტომ, რომ ჩვენ კვლავ ვხედავთ სხვა საქართველოს, საქართველოს, რომელიც მტკიცედ დგას რეპრესიების წინააღმდეგ და რომელიც არ გაყიდის თავის ევროპულ სულს კრემლის მარიონეტად გადაქცევისთვის.

ჩვენ ვხედავთ ამ საქართველოს, რომელსაც ვხედავთ თბილისის ქუჩებში და ვხედავთ მას აქ, სტრასბურგში, განასახიერებს მზია ამაღლობელი, სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატი, ჟურნალისტი, რომელიც დაპატიმრებულია შეთითხნილი ბრალდებებით, მაგრამ რომლის გამბედაობა და მშვიდი დაუმორჩილებლობა ყოველდღიურად ავლენს მისი მჩაგვრელების სისუსტეს. კოლეგებო, მოდით, შთაგვაგონოს ამ გამბედაობამ და ჩავატაროთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ“. –  თქვა ტობიას კრემერმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა მიზანმიმართული სანქციების დაწესებას „არა მხოლოდ რამდენიმე დიპლომატიურ პასპორტზე, არამედ თავად მმართველ ივანიშვილსა და მის თითოეულ თანამზრახველზე, რომელიც ასეთ საზარელ დანაშაულებშია ჩართული“. – თქვა მან.

კრემერის გარდა, საერთაშორისო გამოძიება ასევე მოითხოვა ბელგიელმა ევროპარლამენტარმა კატლინ ვან ბრემეტმა.

BBC-ის გამოძიებისა და სხვა კვლევების თანახმად, გასულ წელს მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ წყლის ჭავლებში გამოყენებული იქნა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი. არ შეიძლება ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს დანაშაულია. ჩვენ გვჭირდება სრული და დამოუკიდებელი გამოძიება. მოვუწოდებ კომისიას, ჩაატაროს სრული და დამოუკიდებელი გამოძიება“. – თქვა მან.

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა დაინიუს ჟალიმასმა ასევე აღნიშნა, რომ „კამიტის“ გამოყენება  ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის დარღვევა იქნებოდა, ამიტომ აუცილებელია დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება ფაქტების დადგენისა და პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, უნივერსალური იურისდიქციის მეშვეობით.

ხორვატიელმა დეპუტატმა ტონინო პიცულამ თქვა, რომ აუცილებელია სრული და დამოუკიდებელი გამოძიება.

პოლონელმა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეჟამ BBC-ის გამოძებას შოკისმომგვრელი უწოდა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნება“ ებრძვის ოპოზიციას, ჟურნალისტებს, აქტივისტებს.

„საქართველო ყოველთვის ეკუთვნოდა ევროპას. ის არასდროს ყოფილა კრემლის ფეხსაწმენდი. რუსეთი ვერ შეძლებს ქართველი ერის რუსიფიკაციას, რადგან ქართველები ნამდვილი ევროპელები არიან და უყვართ თავისუფლება“. – თქვა მან.

მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური აგენტების გამოყენება დაგმო რუმინელმა ევროპარლამენტარმა დან ბარნამ.

პოლონელი ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა „ქართული ოცნების“ წევრებისთვის სანქციების დაწესების მოწოდებით გამოვიდა.

„ვსაუბრობ როგორც პოლონელი, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს ცრემლსადენი აირის სუნი, და როგორც საქართველოს მეგობარი. საქართველოსი, რომელსაც იპარავენ არა ტანკებით, არამედ თაღლითობით.

საქართველოში არსებული კრიზისი პოლიტიკური არ არის, ის კრიმინალურია. რეჟიმი ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებსაც ევროკავშირის დროშები უჭირავთ. ბევრჯერ მოვუწოდეთ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, თუმცა რეჟიმი ახდენს ყველა ევროპული რეზოლუციის იგნორირებას. რატომ? იმიტომ, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერია და ის ჯერაც დაპატიმრებულია, როგორც კრემლისადმი ერთგულების აქტი.

ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, ვინ არის არქიტექტორი. აშშ-მა იმოქმედა, მათ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესეს და მას თავისი სახელი დაარქვეს – რუსი ჯაშუში, რომელმაც ხელში ჩაიგდო საქართველო მისი სუვერენიტეტის გასანადგურებლად. ჩვენ არ შეგვიძლია, რუსი ჯაშუშის პარტნიორები ვიყოთ. საჭიროა, სწრაფად ვიმოქმედოთ, საჭიროა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ აგრესიას დავინახავთ“. – თქვა მან.

ევროკომისარმა დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, მაიკლ მაკგრატმა თქვა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ ადამიანების სანქცირების შესახებ, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს საქართველოში. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თვის ბოლომდე ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი.

„საქართველო აგრძელებს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კრიტერიუმების დარღვევას, რაც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საფუძველია. ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიში ამ კვირის ბოლოს გამოქვეყნდება. წლის ბოლომდე ვიზის შეჩერების მექანიზმის ახალი წესები ამოქმედდება.

ახალი წესები მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, მივიღოთ შესაბამისი ზომები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს დემოკრატიული უკუქცევისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ პოტენციური სანქციების შესახებ. ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.

ვიმეორებ, რომ ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენი კარი ღია რჩება საქართველოსთვის. ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს დემოკრატიული უკუსვლა და აჩვენოს მტკიცე ვალდებულბა ევროკავშირში გაწევრების გზაზე“. – თქვა მაკგარტმა.