ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუციის პროექტში წარდგენილია ორი შესწორება, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და ვიზალიბერალიზაციის საკითხზეა საუბარი.
რეზოლუციის პროექტს და თავის შესწორებებს ევროპარლამენტში დღეს, 25 აპრილს უყრიან კენჭს.
პირველი შესწორება ეკუთვნის ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას.
კერძოდ, შესწორება ფორმულირებულია შემდეგნაირად:
- ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ როლზე არსებულ პოლიტიკურ კრიზისში და კიდევ ერთ მცდელობაზე, რომ ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლეთისკენ ორიენტირებულ კურსს რუსეთისკენ გადახვევის სასარგებლოდ. ის აქტიურ პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა და გახდა „ქართული ოცნების” პარტიის „საპატიო თავმჯდომარე”. იმეორებს საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორებისადმი მოწოდებას, რომ განიხილოს პერსონალური სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოს პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში არსებული როლისა და საკუთარი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ საქმიანობისთვის;
- იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძვლებზე და მისცეს მას საშუალება მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ; ხაზს უსვამს, რომ მისი საქმე აჩვენებს სასამართლო სისტემაში განსახორციელებელი რეფორმის მნიშვნელობას.
მეორე შესწორება კი ეკუთვნის ევროპარლამენტარ ურმას პაეტს და მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
- მოუწოდებს კომისიას, რომ დაუყოვნებლივ შეაფასოს საქართველოში დაგეგმილი „უცხოური აგენტების” კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, კონკრეტულად, ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმების მხრივ, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკაში არსებითი კომპონენტია;
- მოუწოდებს „ქართული ოცნების” უმრავლესობას, რომ გაიწვიოს წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ლგბტქ+ უფლებებს ეხება და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტქ თემზე, არამედ გამოხატვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო სექტორზე;
- იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძვლებზე გაათავისუფლოს და მისცეს მას საშუალება, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ; ხაზს უსვამს, რომ მისი საქმე აჩვენებს სასამართლო სისტემაში განსახორციელებელი რეფორმის მნიშვნელობას.