დღეს, 8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავს. ტექსტში რამდენიმე ცვლილებაა ინიციირებული, მათ შორის ერთ-ერთი ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის შესაძლო კავშირებს კრემლთან.
ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატულია შეშფოთება, რომ, სავარაუდოდ, რუსი ხალხი და კომპანიები საქართველოს იყენებენ დასავლური სანქციებისგან თავის ასარიდებლად. ამავე შესწორებით, „[კომიტეტი] მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლონ ეს ბრალდებები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის სააგენტოს ანგარიში ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე რუსეთთან. თუ ეს ბრალდებები დადასტურდება, მოუწოდებს, დაუწესდეს პერსონალური სანქციები მას და მის მოკავშირეებს“.
ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე შესწორებაში ასევე ყურადღებას ამახვილებენ „ეკონომიკაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის შემცირების აუცილებლობაზე“, რაც ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა დაუსახოს საქართველოს კომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.
როგორც მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის მიერ მომზადებულ ცვლილებაში ვკითხულობთ, „კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე იმ კონტროლის გამო, რომელსაც [ივანიშვილი] ამყარებს მთავრობადა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. ღრმად შეშფოთებულია გამოაშკარავებული პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას განსაზღვრავს რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ; მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, – აღნიშნულია ცვლილებაში.
ევროპარლამენტარების ერთ-ერთ ცვლილებაში ასევე სინანულია გამოთქმული „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების შეფერხების გამო მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ 2020 წელს გააუქმა საპროექტო ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან; ღრმად არიან შეშფოთებული Panama Papers-ის მიერ გამოაშკარავებული ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციების გამო, რომელსაც ის კონკურენტ ფოთის პორტის პროექტებში ფლობს, ასევე პირადი ინტერესების ზეგავლენის გამო საკვანძო პროექტებზე“.