გიორგი ხელაშვილმა – საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტსა და კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებას დაუთმო.
ხელაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი, შარლ მიშელთან მოლაპარაკება და ასოცირების საბჭოს შეხვედრა ხაზს უსვამს საქართველოს პროგრესს ევროპური ინტეგრაციისკენ და, მისივე თქმით, ადასტურებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროკავშირისთვის. ხელაშვილი დარწმუნებულია, რომ 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს განაცხადს.
„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში კარგად ესმით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე შესაფერისი და კომპეტენტური მთავრობაა, რომელსაც ხალხმა დაუჭირა მხარი და რომელსაც ევროპასთან პარტნიორობით შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, თანაც დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გარეშე.
ამით აიხსნება ის უპრეცედენტო ყურადღება, რომელიც შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური ვითარების სტაბილიზების მიმართულებით გამოიჩინა. გუშინდელი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის, იყო შეჯამება 2-კვირიანი მოლაპარაკებების, რომელმაც ზოგიერთი რადიკალური პარტიის მხრიდან ჩაშლის მცდელობების მიუხედავად, გარკვეული პროგრესი განიცადა.
დღეს აუცილებელია, რომ ევროპელი პარტნიორების ყველა მოწოდება ადეკვატურად იქნეს გაგებული და შესრულებული ოპოზიციის მხრიდან. ბოლო თვეებში ვხედავთ, რომ ოპოზიციის მთავარი სტრატეგიაა, მაქსიამლურად გააზვიადოს პოლიტიკური კრიზისი, შექმნას არასტაბილურობის შთაბეჭდილება და დააშანტაჟოს ამით ხელისუფლება, თითქოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, თუნდაც ცალკეული პოლიტიკოსები, კრიტიკული არიან მთავრობის მიმართ და მხარს არ უჭერენ საქართველოს.
პრემიერის მიმდინარე ვიზიტი და წინა კვირას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში ცხადად გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ყველა მცდელობა არამარტო უშედეგო, არამედ განწირულია სრული კრახისთვის.
დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველო რჩება დემოკრატიის და სტაბილურობის, ასევე რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო ბასტიონად რეგიონში.
დღეს არ არის იმის დრო, ექსპერიმენტები ვატაროთ, რამდენს გაუძლებს სახელმწიფო ინსტიტუტები. ოპოზციის ქმედებები არა მთავრობას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს აზიანებს“, – განაცხადა ხელაშვილმა და მოუწოდა ოპოზიციას, „ადეკვატურად გაიაზროს მათი საერთაშორისო ძალისხმევის წარუმატებლობა და დაუბრუნდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ დიალოგს“.