საქართველოს მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში – ევროპაში კორონავირუსისგან ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად თბილისი და ბათუმი დასახელდა. პირველ ადგილზე თბილისია, ხოლო მე-7 ადგილზე ბათუმი.
მათივე ინფორმაციით, European Best Destinations არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით.
,,ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისათვის 1 ივლისს ხსნის და შესაბამისად ნერგავს უსაფრთხოების ნორმებს, რათა დაიცვას მოგზაურებისა და საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მისცეს მათ საშუალება, ისიამოვნონ უსაფრთხო დასვენებით საქართველოში.
თბილისი არის Covid 19-ით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყნის დედაქალაქი – ადგილი, სადაც ერთმანეთს საუკეთესოდ ერწყმის წარსული, აწმყო და მომავალი, კულტურა და დასვენება. ეს არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის
ბათუმი საოცარი ტურისტული მიმართულებაა, სადაც შეუძლებელია მოიწყინო, რადგან აქ კომბინირებულია ზღვა, მთა, გართობა, დასვენება, ეკოტურიზმი, ბუნებაში ლაშქრობა, საყიდლებზე სიარული, კულტურა, გასტრონომია, ღვინო და მრავლადაა გასართობი აქტივობები ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის. ბათუმი ევროპაში უსაფრთხო მიმართულება არამარტო კორონავირუსის თვალსაზრისით, არამედ კრიმინალის დაბალი მაჩვენებლითაც” – მთავრობის ადმინისტრაცია სტატიიდან ამ ამონარიდს აქვეყნებს.