ევროპაში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში დიდი ბრიტანეთის 8 000 სამხედრო ჩაერთვება

პუბლიკა

ზაფხულში ევროპაში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში დიდი ბრიტანეთი 8 000 სამხედროს გაგზავნის. ასევე სწავლებაში ჩაერთვება დიდი რაოდენობით ბრიტანული ჯავშტექნიკაც. წვრთნებში ცივი ომის შემდეგ ეს ბრიტანეთის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჩართულობა იქნება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის ბენ უოლასის თქმით, მათი ეს ნაბიჯი იქნება სოლიდარობისა და ძალის დემონსტრირება, რომელმაც უნდა შეაჩეროს ისეთი აგრესია, რომლის მსგავსი მასშტაბით ამ საუკუნეში ევროპაში არ უნახავთ.

ევროპაში წვრთნები ადრევე დაიგეგმა, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მისი მასშტაბი მკვეთრად გაიზარდა. სამხედრო სწავლებაში NATO-თან ერთად ფინეთი და შვედეთიც მიიღებენ მონაწილეობას.