ევროპაში მინიმუმ 17 მილიონ ადამიანს განუვითარდა პოსტკოვიდური მდგომარეობა - კვლევა

პუბლიკა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრ ქვეყანაში, სულ მცირე, 17 მილიონ ადამიანს განუვითარდა პოსტკოვიდური მდგომარეობა, ასევე  ცნობილი, როგორც „ხანგრძლივი კოვიდი“, – ამას ცხადყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისისა და ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მიერ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში ჩატარებული მოდელირება.

კვლევა აჩვენებს, რომ 2020-დან 2021 წლამდე პოსტკოვიდური მდგომარეობის ახალი შემთხვევები 307%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია COVID-19 შემთხვევების სწრაფი ზრდით 2021 წლის განმავლობაში. კვლევის მიხედვით, ქალებს იგი ორჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე მამაკაცებს. გარდა ამისა, მისი განვითარების რისკი მკვეთრად იზრდება COVID-19-ის რთული ფორმების შემდგომ, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხანგრძლივი კოვიდი განუვითარდა ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეხუთე მამაკაცს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ხანგრძლივი COVID-ის შესახებ, განსაკუთრებით კი, თუ როგორ ვლინდება იგი ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ პოპულაციებში და როგორ მოქმედებს ხელახალი ინფიცირების შემთხვევაში, ეს მონაცემები ხაზს უსვამს მეტი ანალიზის, ინვესტიციის, მხარდაჭერისა და სოლიდარობის აუცილებლობას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს მდგომარეობა უვითარდება“, – ამბობს ჰანს ჰენრი პ. კლუგე, ჯანმოს რეგიონული დირექტორი, – „მილიონობით ადამიანს ჩვენს რეგიონში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, აწუხებს დამქანცველი სიმპტომები პირველი ინფიცირებიდან მრავალი თვის შემდეგ. მთავრობებმა და ჯანდაცვის პარტნიორებმა უნდა ითანამშრომლონ კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მოსაძებნად.“

პოსტკოვიდური მდგომარეობა, ანუ ხანგრძლივი კოვიდი იმ გრძელვადიანი სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ადამიანებს COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ უვითარდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა COVID-19-საგან სრულად ჯანმრთელდება, შეფასებით, მათგან 10-20%-ს უვითარდება სხვადასხვა საშუალო ან გრძელვადიანი სიმპტომი, როგორიცაა დაღლილობა, ქოშინი და გონებრივი შეფერხება, ანუ გონების დაბინდვა (მაგალითად, დაბნეულობა, გულმავიწყობა ან კონცენტრაციისა და სიცხადის შეგრძნების ნაკლებობა).

პოსტკოვიდური მდგომარეობა პირდაპირ და ირიბად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ხანგრძლივი ტანჯვა და სტრესი გავლენას ახდენს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს COVID-19-ით საწყისი ინფიცირებისას ან გამოჯანმრთელების შემდეგაც. ისინი შეიძლება გაქრეს და გარკვეული დროის შემდეგ ისევ განვითარდეს. მდგომარეობა გავლენას ახდენს ადამიანის უნარზე შეასრულოს ყოველდღიური აქტივობები, როგორიცაა პროფესიული ან საყოფაცხოვრებო სამუშაო.

ხანგრძლივი კოვიდი ჩვეულებრივ ვითარდება COVID-19-ით ინფიცირებიდან სამი თვის განმავლობაში. სიმპტომები უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში და ვერ ხერხდებოდეს მათი ალტერნატიული დიაგნოზით ახსნა.