ევროპელ კოლეგებს ვუთხარი, რომ სტატუსის მონიჭება ავტომატურად შეამცირებს პოლარიზაციას - პრემიერი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპელი კოლეგებისთვის მთავარი სათქმელი იყო, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ავტომატურად შეამცირებს და მინიმუმამდე დაიყვანს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას.

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, რაც მე ჩამოვიტანე ჩვენს ევროპელ კოლეგებთან იყო შემდეგი: თუ რეალურად ევროპას და ჩვენს ევროპელებს სურთ, რომ იხილონ მინიმუმამდე დაყვანილი, შემცირებული პოლარიზაცია, მე მათ ვუთხარი, რომ სტატუსის მონიჭება ავტომატურად შეამცირებს, დაიყვანს მინიმუმამდე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას. ეს ხარისხი ავტომატურად დაიწევს. მათ ეს არგუმენტი მოისმინეს და ვფიქრობ, გაიზიარეს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 „თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე ნატო-ს გზაზე, ეს ვართ ჩვენ. პირადად მე მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებისთვის, თავისუფალი ვაჭრობისთვის. უვიზო რეჟიმი. ჩემს დროს დაიხურა ვალდებულება და ამის შემდეგ გაიხსნა უვიზო რეჟიმი. მე მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ოფიციალურ განაცხადზე, რომელიც ჩვენ შარშან შევიტანეთ და მივიღეთ ევროპული პერსპექტივა ამის საფუძველზე. რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ არ შეგვიჩერებია ძალისხმევა. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი. ჩვენი ჯარები იყვნენ ავღანეთში, მანამდე ერაყშიც, ჩემი პრემიერობის დროს გავაგზავნეთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩვენი ჯარი. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სურვილი, ჩვენი მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ ჩვენი ქვეყანა ევროპასთან და ნატო-სთან”, – განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერმა.