ევროპელ პოლიტიკოსებს ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეხვდნენ

პუბლიკა

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ მედიასთან ისაუბრეს, რა იყო შეხვედრის ძირითადი საკითხი.

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორის, ლევან ცუცქირიძის თქმით, ევროპელი პარლამენტარები გაოგნებულნი არიან „ოცნების“ მიერ დემოკრატიის გზდან გადახვევის გამო.

„სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა მივიღეთ იმ ევროპული დედაქალაქებიდან, საიდანაც იყვნენ ჩამოსული ჩვენი მეგობრები. აღფრთოვანებული არიან ისინი ქართველი ხალხის სიმამაცით, გამბედაობით, სამოქალაქო ორგანიზების ხარისხით, იმ დემოკრატიული, მშვიდობიანი და არაძალადობრივი კულტურით, რომელიც ქართველმა ხალხმა აჩვენა ბოლო თვის განმავლობაში და გაოგნებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიის გზიდან გადახვევით“, – განაცხადა მან.

ISFED-ის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ამ კანონით შეუძლებელია ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯების გადადგმა.

„მათ ისიც ახსენეს, რომ გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მიღება ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის დამსახურება იყო. პირდაპირ თქვეს, რომ თუ „ქართული ოცნება” გააგრძელებს ამ კანონპროექტის კანონად ქცევას, საქართველოს ევროპული მომავალი ამ ეტაპზე პირდაპირ გაჩერდება“, – განაცხადა მან.

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ ქართული ორგანიზაციები მზად არიან, ბოლომდე იბრძოლონ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ამ კანონის შელამაზებას შეეცდება არის ძალიან დიდი საფრთხე, რომ ის დაუბრუნდება იმ ჩარჩოებს, რაშიც არის. ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციები ამასთან დაკავშირებით ცალსახად ვაცხადებთ, რომ არ ვუჭერთ მხარს არავითარ ცვლილებას ამ კანონპროექტში. ეს კანონი მთლიანად – მისი არსი, შედეგები დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან დაშორებასთან. ამ კანონის შელამაზება შეუძლებელია. ამიტომ ეს კანონი უპირობოდ უნდა იყოს გაწვეული“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ევროპელი პარლამენტარები მანამდე შეხვდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. პარლამენტის პრესსამსახური ადასტურებს, რომ „ოცნებიდან“ მათ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამხარაძე შეხვდება, თუმცა შეხვედრის დეტალებზე მედიას ინფორმაციას ჯერ არ აწვდიან.