ევროპელი მინისტრების პასუხი „გლობალური ომის პარტიის" შესახებ ნარატივზე

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრესკონფერენცია გამართეს. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა გლობალური ომის პარტიის შესახებ მმართველი პარტიის განცხადებებს. კერძოდ, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა მინისტრებს ჰკითხა: „დარწმუნებული ვარ, გსმენიათ ისტორიები გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც საქართველოს ითრევს ომში, რას ფიქრობთ ამაზე?”.

აღნიშნულზე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორდის კოლბრუნიმ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს თავად არის პასუხი ამ კითხვაზე.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გლობალური ომის პარტიის შესახებ განცხადებებს „კრემლის ნარატივი” უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

„ეს არ არის ხუმრობა, ეს სერიოზული საკითხია და ეს არის კრემლის ნარატივი. არც კი გვსურს, რომ აქ ამის შესახებ ვიკამათოთ, ეს არის ყალბი ნარატივი, სიცრუე, ეს არის სრულიად არასწორი მიმართულება და თუ არსებობს ევროკავშირში გაწევრების, ღირებულებების გაზიარების ნება, ამ სამყაროში კრემლის ნარატივს არაფერი ესაქმება, – თქვა მან.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კი განაცხადა, რომ ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია.

ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია, ეს არის პარტია, რომელიც 2008 წელს თავს დაესხა საქართველოს, ეს არის პარტია, რომელიც 2014 წელს თავს დაესხა უკრაინას და ახლა აწარმოებს ომს უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის წინააღმდეგ.

ჩვენი ვალდებულებაა მათ წინაშე, ვინც აფასებს თავისუფლებას, არის ბრძოლა ამ პარტიასთან და ამ ომში გამარჯვებაა”, – განაცხადა მან.