ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეხმაურება მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სწორი გააკეთეს, როცა „არ მოუსმინეს ევროპელ კოლეგებს და არ დააწესეს სანქციები”.
ამის საპასუხოდ ლანდსბერგისი წერს:
„საჭიროდ მივიჩნევ განვმარტო, არ შევთანხმებულვართ იმაზე, რომ საქართველო სწორი იყო, როცა უგულებელყო ევროპელების რჩევა და ღირებულებები. ჩვენ გამოვთქვით მკაფო შეხედულებები და არა „გარკვეული შეშფოთება”.
ამას უპასუხა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ და დაწერა:
„ნება მომეცით, მკაფიო ვიყო – მსგავსზე არ შევთანხმებულვართ. ჩემი გზავნილი იყო საპირისპირო: საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით”.
დღეს საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
„შეხვედრაზე ყველა შევთანხმდით, რომ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი. ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი – ვუთხარით, რა დაზღვევაა, რომ ამ შემთხვევაშიც არ ცდებით, ისევე როგორ წინა შემთხვევებში?”.