ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის 22 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამის შესახებ The Guardian ჯანმოს ევროპული ბიუროს დირექტორზე, ჰანს კლუგეზე დაყრდნობით წერს.
„ისევე, როგორც ყველა ვირუსი, Covid-19-იც დროთა განმავლობაში შეიცვალა. მე ვხვდები ამასთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებას. ევროპის 22-მა ქვეყანამ უკვე აღმოაჩინა კორონავირუსის ეს შტამი“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.
მისივე თქმით, ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაავადების მიმდინარეობა არ დამძიმებულა. კლუგეს განცხადებით, ახალი შტამი ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა და ბავშვები განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს არ წარმოადგენენ.
გარდიანის ცნობით, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ უახლოეს ხანში covid-19 კიდევ შეიცვლება. მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ევროპის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება.
„ეს იქნება სოლიდარობის ტესტი, განსაკუთრებით მდიდარი სახელმწიფოებისთვის, რათა ყველა ადამიანმა მიიღოს ვაქცინა“, – განაცხადა კლუგემ.
ჯანმოს ევროპული ბიუროს დირექტორის თქმით, პირველ ეტაპზე აუცილებელია რისკ ჯგუფებში შემავალი ადამიანების და სამედიცინო პერსონალის აცრა.
4 იანვარს დაფიქსირდა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ახალ შტამზე გამოიკვლიეს სამი ნიმუში, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მესამე შემთხვევაში კი ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. იმნაძისვე თქმით, ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელიც თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება.