ევროპის 6 ქვეყანაში საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა იტალიასა და საფრანგეთში სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სულ საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წლის 9 თებერვალს იტალიაში ქართული და იტალიური მხარის შსს-ებმა და ინტერპოლის თანამშრომლებმა რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, გამოავლინეს და დააკავეს საქართველოს მოქალაქეები: იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე – 23, პოლონეთში – 2, საბერძნეთში – 1, ბელგიაში 1 და სლოვენიაში – 1 მოქალაქე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტიურად ჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჩრდილო იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ. იტალიურმა მხარემ საქართველოს მოქალაქეების მიმართ საქმე აღძრა იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე, 624-ე და 648-ე მუხლებით, რაც გულისხმობს კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ქურდობას, ასევე, ფულის გათეთრებას და მაქსიმალური სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები, იტალიური საპოლიციო ძალებისათვის კვალის არევის მიზნით, აქტიურად იყენებდნენ გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციას.

ასევე, როგორც შსს იუწყება, 2021 წლის 9 თებერვალს, საფრანგეთში ქართველმა და ფრანგმა სამართალდამცავებმა რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთობლივი ოპერაცია „BRATVA-35“ ჩაატარეს.

უწყების განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქებში: როშ-სურ-იონში, ნუარში, ანჟერში, ბორდოსა და რენში ქართული წარმოშობის „კანონიერი ქურდი“ – კ.ა. და საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობითვე, ფრანგი სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირები ორგანიზებული დაჯგუფების წევრები იყვნენ და საფრანგეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე აქტიურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას.

„კერძოდ, მათ ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში ჩადენილი ქურდობის არაერთი ეპიზოდი, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა/გასაღება და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლის ვადით და ჯარიმას 375 ათასი ევროს ოდენობით“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.