ევროპის ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრი „აპოლო“ ისევ იყიდება

„იყიდება საოფისე კომერციული ფართი ჩუღურეთის რაიონში“, – თითქმის ერთი თვეა, უძრავი ქონების პლატფორმაზე ამ სათაურით იყიდება ევროპის ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრის, „აპოლოს“ შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

2 400 კვ. მეტრი ფართობის საწყისი ფასი 6 მილიონი დოლარია.

აღმაშენებლის N135-ში მდებარე ძეგლის თანამესაკუთრეა შპს „კონფიდენს გრუპი“, რომელსაც „ელიტ პრო“ ფლობს. თავის მხრივ, „ელიტ პროს“ მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე რაუფ ალიევია.

ძეგლის მეორე თანამესაკუთრეა შპს „თეატრები აპოლო“. მის 10%-იან წილს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ფლობს (წილის მმართველი ამჟამად მისი შვილი, გიორგი ჩიგოგიძეა). ამავე შპს-ს 80%-იან წილს „კონფიდენს გრუპი“ ფლობს. 7%-ს – პორტუგალიის მოქალაქე მანანა გეტაშვილი; 3%-იან წილს კი – თინათინ სვანიძე.

როგორც „პუბლიკასთან“ შპს „თეატრები აპოლოს“ დირექტორი, გიორგი გეგელია, ამბობს, შენობის შეძენით უკვე რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

შეკითხვაზე, რას გულისხმობს კინოთეატრის „საოფისე ფართად“ გასხვისება, გეგელია გვპასუხობს, რომ „ეს შეიძლება [სააგენტოს] შეცდომა იყოს… ფუნქციის შეცვლა ინვესტორზე იქნება დამოკიდებული“.

„პუბლიკამ“ დირექტორს ასევე ჰკითხა, ხომ არ იგეგმება რაიმე სახის წინაპირობის ჩადება ხელშეკრულებაში, თუნდაც  იმ დათქმით, რომ შენობას შეუნარჩუნდეს კინოთეატრის ფუნქცია:

„როდესაც ჩვენ ვიყიდეთ ეს შენობა, წინაპირობები უკვე აღარ ყოფილა. არ ვაპირებთ, რომ ინვესტორი შევაშინოთ რაიმე პირობებით. ეგ უკვე ინვესტორზე იქნება დამოკიდებული.

საოფისე ფართი ფიზიკურად მანდ ვერც გაკეთდება, შესაძლებლობა არ არის ამის. შენობას აქვს ძეგლის სტატუსი და შესაბამისად, ვინც არ უნდა იყოს ინვესტორი, ძირეულად ვერ გადააკეთებს. რადგან პროექტები მერიის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმების გარეშე ვერ განხორციელდება“, – ამბობს გიორგი გეგელია.

გიორგი გეგელიას ასევე ვკითხეთ, ხომ არ დაინტერესებულა რომელიმე პოტენციური მყიდველი შენობაში კინოთეატრის აღდგენით:

„მაქსიმუმ, რაღაც ფუნქციად დაუტოვონ, თორემ როგორც კინოთეატრი, რა თქმა უნდა, – არა. რადგან დღეს კინოთეატრი მომგებიანი და შემოსავლიანი არ არის. თუ ამხელა თანხას გადაიხდის, არ მგონია, კინოსთვის იყოს… სავარაუდოდ, ერთ-ერთი ფუნქცია იქნება კინოთეატრი, მაგრამ შეთავსებით, ალბათ, რაღაც კვების ობიექტი გაიხსნება ან სხვა. მარტო კინოთეატრად მაგას არავინ არ იყიდის, აბსურდია, რა კინოთეატრებიცაა, ისინიც იხურება. მე არ მგონია, მარტო კინოთეატრი გააკეთოს ვინმემ“, – განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, შენობის შეძენით დაინტერესებულთა შორის მხოლოდ კერძო კომპანიები არიან და მათ შორის არ არიან სახელმწიფო უწყებები.

„პუბლიკამ“ თბილისის მერიას მიმართა შეკითხვით, ხომ არ არის დაინტერესებული „აპოლოს“ მუნიციპალიტეტის ბალანსზე დაბრუნებითა და შენობაში მუნიციპალური კინოთეატრის აღდგენით, თუმცა ამ დროისთვის მერიის მხრიდან არ არსებობს ინიციატივა „აპოლოს“ შესყიდვის ან მესაკუთრეებისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზების შესახებ.

როგორც ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი აღნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა, ჩაიწერება თუ არა ხელშეკრულებაში დათქმები ფუნქციის შენარჩუნების შესახებ. როგორც ის აღნიშნავს, ხელშეკრულებაზე მაღლა დგას კანონი, რომელიც ამბობს, რომ შეიძლება, შენობის ფუნქცია იყოს ისევე დაცული, როგორც მისი ფასადი თუ ინტერიერი – სახელმწიფოს ამ საკითხის დარეგულირების საშუალება აქვს.

„კანონში გვიწერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის როგორც შენობა, ასევე შესაძლებელია იყოს ფუნქციაც და ის ფუნქციიდან გამომდინარე იყოს მეტად ღირებული. ზუსტად ამ ვითარებასთან გვაქვს საქმე „აპოლოს“ შემთხვევაში. რადგან ის არის პირველი კინოთეატრი, კინოთეატრად აგებული და ეს ნაწილი მისი იდენტობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც არის, რომ წლებია, იბრძვიან როგორც კინოს სექტორის წარმომადგენლები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცველები, რომ ეს შენობა გადარჩეს და არ შეეცვალოს ფუნქცია“, – ამბობს თამარ ამაშუკელი.

ხელოვნებათმცოდნის თქმით, შესაძლებელია, მოიძებნოს შუალედური გამოსავალი – შენობამ შეითავსოს როგორც კინოთეატრის, ასევე სხვა გასართობი დანიშნულებაც, თუმცა დაუშვებელია მისი ფუნქციის სრულად გაქრობა.

„ეს წარმოუდგენელია, დაუშვებელია და მგონი, ქალაქმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამას არ დაუშვებს; თუ დავანგრევთ ასეთ იდენტობის მარკერებს, რომელსაც უკავშირდება ჩვენი ქალაქის ისტორია, მოვასუფთავებთ და დავუკარგავთ ფუნქციას, ქალაქი ძალიან გაღარიბდება და გახდება ძალიან უინტერესო ისტორიული თვალსაზრისით. ამიტომ მე მხოლოდ მინდა, გავაფრთხილო შენობის შეძენის მსურველი – მან ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ამ შენობას ფუნქციას ის ვერ შეუცვლის“, – ამბობს ამაშუკელი.

„აპოლოს“ მნიშვნელობის შესახებ

„პუბლიკა“ გთავაზობთ ფრაგმენტებს „აპოლოს“ შესახებ მომზადებული 2018 წლის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევიდან, რომლის ავტორიც ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიაა:

  • კინოთეატრი „აპოლო“ იმ ნაგებობათა რიცხვშია, რომელიც დიდად განსაზღვრავს, არა მხოლოდ უბნის ისტორიას, არამედ ქართული კულტურის ამბავსაც მოგვითხრობს.
  • „აპოლო“ პირველი ელექტრონული კინოთეატრი იყო თბილისში, რომელიც 1909 წლის 12 აპრილს გაიხსნა მიხეილის პროსპექტზე. შენობა მოდერნის სტილში აშენდა და მსოფლიოში ამ სტილით აგებული სულ რამდენიმე კინოთეატრი არსებობს. ის იყო იმ დროის ევროპაში და, კერძოდ, რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი უდიდესი კინოთეატრი. მოდერნის მრავალ ნიშანს შეიცავდა ნაგებობის ინტერიერიც.
  • კინოთეატრი „აპოლო“ თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცნობილი შენობაა. ეს იყო გასაბჭოებამდელი თბილისის ყველაზე დიდი კინოთეატრი. თავისი ზომით და მხატვრული გაფორმებით ის ახლაც გამორჩეულია დავით აღმაშენებლის პროსპექტზე. ნაგებობა მოდერნის სტილის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია თბილისში. […] ამ ღირებულების დამადასტურებელია, რომ შენობას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.
  • პროექტის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მიუხედავად საფუძვლიანი რეკონსტრუქციისა, რომელმაც შეცვალა კინოთეატრის შიდა გეგმარებითი მოწყობა და ახალ ყაიდაზე გადაიყვანა მისი ფუნქციონირება, პრაქტიკულად ხელშეუხებელი დარჩა ინტერიერის მხატვრულ-არქიტექტურული ელემენტები, რომლებიც საბედნიეროდ დღემდე არის შემონახული და იძლევა საშუალებას მათი კონსერვაცია-რესტავრაციისათვის.
  • ფოიედან დაწყებული, დარბაზის გარეთ არსებულ სივრცეებში უამრავი დეკორატიული ელემენტი – ნალესი რელიეფები, სვეტების კაპიტელებისა და ბაზების ქვის ჩუქურთმა, კედლის მხატვრობის ფრაგმენტები, იატაკის მოზაიკა და ლითონის ჭედურობა მოდერნის სტილის კინოთეატრის უმდიდრესი შიდა კაზმულობის დამადასტურებელია და გაოცებას იწვევს როგორც თავისი მხატვრული ხარისხით, ასევე ფანტაზიის გაქანებით.

 

  • received_260598826771568

  • received_660993102373043








  • 01
    /